მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი განმარტავს, რატომ დააკავეს გიორგი მალანია გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე "პირველების" კითხვის საპასუხოდ განმარტავს, რატომ დააკავეს გიორგი მალანია გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ და არა მანამდე.
სახელმწიფო მბრალმდებელი ირწმუნება, რომ გამოძიება მყარი მტკიცებულებების მოპოვებას ელოდებოდა.
რაც შეეხება იმას, თუ რა დევს საქმეში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის წინააღმდეგ, ქეთი სონიძე ამბობს, რომ პროკურატურამ ამოიღო ვიდეოზარები, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობაში მსჯავრდებულ, ალექსადნრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის არსებულ საუბარს აღწერს, რომლის მეხედვითაც მალანია გაბაშვილს ავალიანის მისამართს აწვდის.
მალანიას დანაშაული კონკრეტულად არის დახმარება ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში - დახმარება გამოიხატა გიგა ავალიანის სასწავლებელი ცენტრის მისამართის მიცემაში, რომელი მისამართსი გამოყენებითაც მსჯავრდებულები აედევნენ გიგა ავალიანს და შემდგომ მოხდა ჯგუფური თავდასხმა.
(კითვა - რატომ დაკავდა გიორგი მალანია გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ და არა მანამდე?)
მიმიდნარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გამოძიება არ იყო დასრულებული. ბოლო პერიოდშიც ასევე ჩატარდა გარკვეული სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებმაც ის მტკიცებულებები, რომელიც უკვე მოპოვებული გვქონდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა და გაამყარა. შესაბამისად გამოძიება არ ელოდებოდა არაფერს - ადამიანის თავისუფლება და ზოგადად ადამიანის ბედი ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის, შესაბამისად მყარი მტკიცებულებები გვჭირდებოდა, რომ ამ დასკვნამდე მივსულიყავით?- ამბობს ქეთი სონიძე.
სახელმწიფო მბრალმდებელმა სასამართლო პროცესის შემდეგ კიდევ ერთხელ უპასუხა კითხვას, რატომ მოხდა გიორგი მალანიას დაკავება გამოძიების დაწყებიდან 9 თვის შემდეგ და არა მანამდე. ქეთი სონიძე ამბობს, რომ ოქტომბერში, როცა გიგა ავალიანი მოკლეს, მაშინ საქმეში მალანიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ იდო.
პროკურორის მტკიცებით, მას მერე რაც მკვლელობაში მსჯავრდებულის, ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია და ჩატარდა ექსპერტიზები, ამის შემდეგ გამოიკვეთა საქმეში მალანიას სახელი და გვარი.
9 თვის განმავლობაში გამოძიებას გიორგი მალანიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონია. იმიტომ, რომ პირველ ოქტომბერს მოხდა ეს დანაშაული და ამის შემდეგ გამოძიებამ ბევრი ადამიანი მისცა პასუხისგებაში. ჯამში 7 პირის მიმართ მიღებულია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ეს არის მერვე ადამიანი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით მიეცა პასუხისგებაში. რატომ დღეს და არა 9 თვის წინ? იმიტომ, რომ 9 თვის წინ გიორგი მალანიას სახელი ამ საქმეში საერთოდ არც კი ჟღერდებოდა. სატელეფონო ჩანაწერები ოქტომბრის მდგომარეობით არ იქნა ნანახი. ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, დავნიშნეთ ექსპერტიზები, აღვადგინეთ წაშლილი ინფორმაცია, დავათვალიერეთ, შევისწავლეთ და ამის შემდეგ გახდა ეს საფუძველი. მანამდე საერთოდ არ არსებოდა", - აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
- გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.