წვიმით დაზიანებული სახლები ვარკეთილში - მოქალაქეები „ოცნების“ შემომწირველის კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
ვარკეთილში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩაზე, უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. ადგილობრივების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მიედინება ქუჩაზე ძლიერი წყლის ნაკადი და საცხოვრებელ კორპუსებს პირველ სართულებამდე აღწევს.
მოსახლეობის თქმით, წყლისგან დამცავი ჯებირების არარსებობის გამო ნალექის დიდი მასა სახლებში შევარდა. დაიტბორა პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე შეექმნათ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ბოლო ორ თვეში ეს დატბორვის უკვე მეორე შემთხვევაა. მათი თქმით, პრობლემები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ახლადაშენებულ კორპუსთან დამცავი ჯებირები მოიხსნა და მათ ადგილზე კომერციული ფართების შესასვლელები მოეწყო. ადგილობრივების შეფასებით, წყლის ნაკადს ახლა ვეღარაფერი აკავებს, ქუჩაზე კი სანიაღვრე სისტემაც არ არის მოწყობილი.
მათი თქმით, არაერთი მოთხოვნისა და პროტესტის მიუხედავად, პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ამიტომ ყოველი ძლიერი წვიმის მოლოდინს შიშით ხვდებიან.
მოსახლეობა პასუხისმგებლობას კომპანია „პრაიმ ინვესტ ჯგუფს“ აკისრებს. კომპანია ზურაბ მალაზონიას ეკუთვნის, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. თავად მალაზონია პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს და აცხადებს, რომ დამცავი ჯებირების მოხსნის ნებართვა სწორედ მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.