ოკუპირებულ სოხუმს განას დელეგაცია სტუმრობდა

07.07.26 23:31
ოკუპირებულ სოხუმს განას დელეგაცია სტუმრობდა

ოკუპირებულ სოხუმს განას დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრები „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ოლეგ ბარციცმა მიიღო.

„გულწრფელად მიხარია, რომ ვუმასპინძლებ განას რესპუბლიკის პატივცემულ წარმომადგენლებს აფხაზეთში. თქვენ გრძელი გზა გაიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ჩვენ ვიცნობთ და დიდად ვაფასებთ განას რესპუბლიკას, როგორც ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ აფრიკულ სახელმწიფოს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ჩვენთვის პატივია და გვიხარია ჩვენი განაელი მეგობრების მასპინძლობა“, - თქვა ბარციცმა.

ამ ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთი განის ერთ-ერთ ქალაქს, სუჰუმს დაუძმობილდა. აფხაზური სააგენტო „აფსნი პრესი“ კი წერს, რომ „სოხუმი და მისი სახელობის მუნიციპალიტეტი განაში დაძმობილებული ქალაქები გახდნენ“.

განური დელეგაციის სათავეში იყო პირი სახელად ბარიმა ამოაკო დარკო, რომელიც აფხაზურმა წყაროებმა ქალაქ სუჰუმის "მეფედ" მოიხსენიეს. სინამდვილეში ის ქალაქ სუჰუმის ტრადიციული ბელადია - ფლობს ე.წ. Akyempimhene-ს ტიტულს. ის არც განას ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს და არც სუჰუმის მუნიციპალურ ასამბლეას. განაში ტრადიციულ ბელადებს კონსტიტუციით პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალებათ და საგარეო ურთიერთობებში რაიმე უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

შესაბამისად, ტრადიციული ბელადის მიერ ხელმოწერილი "დაძმობილების" დოკუმენტი არც სუჰუმის მუნიციპალიტეტს და მით უმეტეს არც განას რესპუბლიკას ავალდებულებს რაიმეს და აფხაზეთის აღიარებას არ ნიშნავს.