თბილისის აეროპორტში შიდა სივრცე მგზავრებისთვის გაიხსნა - ადგილზე დაზიანებებს სწავლობენ
თბილისის აეროპორტში შიდა სივრცე მგზავრებისთვის გაიხსნა, თუმცა არის რამდენიმე სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ გადაკეტილია.
თბილისის აეროპორტში "პირველებს" ეუბნებიან, რომ გუშინდელი დატბორვის შემდეგ, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აეროპორტის თანამშრომლების თქმით, ჯერ არ იციან, კონკრეტულად სანიაღვრე სისტემაა დაზიანებული თუ სახურავი.
მათივე თქმით, ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, არ აქვთ.
გადაადგილება როგორც ხედავთ შემოღობილია, მაგრამ რესტავრაციის და აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კონკრეტულად რა არის დაზიანებული ჯერ არ ვიცი - უცნობია, შეიძლება სანიაღვრე იყოს, შეიძლება სახურავი. ამ მხარეს არის მხოლოდ მცირე შეზღუდვა, იქითა მხარე არ არის. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როდის დასრულდება (სარეაბილიტაციო სამუშაოები), - ამბობს აეროპორტის თანამშრომელი.
მგზავრები დღეს პირველებთან" იხსენებდნენ იმ პერიოდსაც, როდესაც ძლიერმა ქარმა თბილისის აეროპორტს სახურავი ახადა.
ასეთი რამ წვიმის დროს არ მახსენდება, მაგრამ ქარის დროს კი - როგორც მახსოვს სახურავი ახადა ერთხელ.
ცნობისთვის, რამდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ, გადაადგილება გართულებული იყო დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში. ვარკეთილში წყალმა თითქმის სრულად დაფარა ავტომობილები. აეროპორტის დასახლებაში ხალხს წყალი შეუვარდა სახლებში. მოქალაქეები ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემა ვერ მუშაობს და უხვი ნალექის შედეგად მოსულ ნაკადს ვერ ატარებს.
ამასთან, თბილისის შემოსასვლელთან საავტომობილო გზაზე გუშინ კლდის ფერდი ჩამოიშალა.