მიწაზე ნაპრალები გაჩნდა, გაღვიძების რატომ უნდა გვეშინოდეს? - ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
ლუბლიანას ქუჩა №42-ის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ კორპუსთან ახლოს მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს და საძირკვლის მოსაწყობად მიწა ცენტრალური გზის მხრიდან გამოიტანეს. მოსახლეობის თქმით, ამის შემდეგ ტერიტორიაზე ნაპრალები გაჩნდა.
მცხოვრებლები შიშობენ, რომ მიმდინარე სამუშაოებმა შესაძლო 300 ოჯახს შეუქმნას. ისინი შესაბამის უწყებებს ადგილზე ვითარების შესწავლისა და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ხომ ხედავთ თქვენც? აქ როგორ შეიძლებოდა მეორე კორპუსი კიდევ დამდგარიყო? აქ გადის ჩვენი კორპუსის ყველა დეტალი, ერთი რომ ეს ჩავარდეს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ პარალიზებული. ბავშვები დარბიან, 300 მარტო ბავშვი ცხოვრობს, ეს არაფერს ნიშნავს?, - ეუბნება "პირველებს" ადგილობრივი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიიდნ რამდენჯერმე იყვნენ მისულები, თუმცა ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და პრობლემა ისევ მოუგვარებელი დარჩა.
მერიას მივმართეთ, მოდიან მერიიდან, საუბრობენ, ლაპარაკობენ, საქმე არ ჩანს. მშვიდობაა, ესაა მშვიდობა?, - ამბობს ადგილობრივი.
დილით გაღვიძება რატომ უნდა გვეშინოდეს ან დაძინება რატომ უნდა გვეშინოდეს? და წვიმა რომ მოვა რატომ უნდა ვინერვულო, რომ ვაიმე, ის მიწა მოზვავდება და ჩვენი კორპუსიც ჩავა-მეთქი?, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
კომპანია "საქსეს დეველოპმენტის" წარმომადგენელი კი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შედეგი, რაც დადგა, უხვმა ნალექმა გამოიწვია. მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებული აქვთ და მხოლოდ მაშინ განაგრძობენ, რაც გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.