გაშიფრულია თაღლითობის მასშტაბური სქემა - საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე დახმარებას ითხოვს

08.07.26 20:26
გაშიფრულია თაღლითობის მასშტაბური სქემა - საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე დახმარებას ითხოვს

თაღლითობის მასშტაბური სქემა - დაზარალებული საქართველოს ასზე მეტი მოქალაქეა. ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ  ვირტუალური ვებ-პლატფორმაში ფულის ჩადება მათ რეკორდულ დროში დიდი მოგებას მოუტანდათ.  თაღლითური სქემის სამიზნე ძირითადად ემიგრანტები იყვნენ.  

თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება „პირველებმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. ვიდეოში რუსეთის მოქალაქე ქართველ დაზარალებულებს ღიად ეუბნება, რომ პოლიციაში ჩივილს აზრი არ აქვს, დაკარგული ფული კი მათი პირადი პრობლემაა. მომხიბლავი რეკლამების დამსახურებით ასზე მეტმა მოქალაქემ ფული, დიდი საპროცენტო სარგებლის მიღების მიზნით ონლაინ პლატფორმაში ჩადო,  საბოლოოდ კი ყველაფერი დაკარგა.   

დაზარალებულების ინფორმაციით, ამ ორგანიზებულ დანაშაულს სათავეში უჩა ურუშაძე უდგას. სწორედ ის შევიდა სოციალური ქსელებით ნდობაში ათეულობით მოქალაქესთან, მათ შორის ემიგრანტებთან -  ხალხი დარწმუნა, რომ თუ „ბიზნესტში“ ფულს ჩადბედნენ, დიდ მოგებას სწრაფად ნახავდნენ. უჩა ურუშაძე მსხვერპლს არწმუნებდა, რომ რისკები ნულოვანი იყო, რეალურად კი ხალხი საკუთარი ხელით რიცხავდა ფულს თაღლითურ მახეში.

ვინ არის უჩა ურუშაძე? -  კაცი, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი, ჯამში, ასობით ათასი დოლარის მითვისებაში სდებს ბრალს. დაზარალებულების თქმით, სწორედ ურუშაძეა ფინანსური პირამიდის ავტორი. „პირველების“ ხელშია ვიდეომასალაც, რომელსაც ის „ტელეგრამის“ იმ დახურულ ჯგუფში ათავსებდა, სადაც მინიმუმ 7 ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული. 

ამ ბრალდებების საპასუხოდ ჩვენ, უჩა ურუშაძეს დავუკავშირდით. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი და რეალურად გადაგვემოწმებინა, აგრძელებდა თუ არა ის სავარაუდო თაღლითურ საქმიანობას. ურუშაძეს ჩვენ ფულის ჩადებით დაინტერესებულ მოქალაქედ გავეცანით, მან გვითხრა, რომ რეგისტრაციას ამ ეტაპზე არ გვირჩევდა, თუმცა იქვე დაგვპირდა, რომ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ე.წ. „ტექნიკური ხარვეზი“ გამოსწორდებოდა, თავადვე დაგვიკავშირდებოდა და სისტემაში შესვლაში დაგვეხმარებოდა.

ექსპერიმენტიდან რამდენიმე წუთში, „პირველები“ უჩა ურუშაძეს უკვე ოფიციალურად, ტელეკომპანიის სახელით დაუკავშირდით. ჩვენ მას პირდაპირ ავუხსენით, რომ ათობით მოქალაქე მას მძიმე ფინანსურ თაღლითობაში სდებდა ბრალს,  თუმცა, მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ საქმეში მედია ჩაერთო, სქემის ავტორმა ჩვენთან საუბარი აღარ ისურვა.

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.