20 მილიონი ბექა ოდიშარიას ქვისლს - რა ვიცით კომპანიაზე, ვისაც რუსთაველის რეაბილიტაცია ანდეს

08.07.26 20:45
20 მილიონი ბექა ოდიშარიას ქვისლს - რა ვიცით კომპანიაზე, ვისაც რუსთაველის რეაბილიტაცია ანდეს

შესყიდვის მეოთხე მცდელობამ გაამართლა - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია "ოცნების" შემომწირველის კომპანიას ჩააბარეს. "სმარტ სოლუშენი" გამარჯვებულად უკვე გამოცხადებულია და მერია ხელშეკრულებას ამზადებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მლნ-მდე უნდა გადაუხადონ კომპანიას, რომელიც ლევან გოგსაძეს ეკუთვნის. გოგსაძე "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ქვისლია.  

რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის დაწყებას კახა კალაძე 2 წელია ცდილობს, შესყიდვა სამჯერ ჩავარდა, რადგან არცერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. 2026 წლის დასაწყისში მესამედ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ შესყიდვის ფასი 3 მლნ - ით, 20 მლნ -მდე გაზარდეს.  ჯერ უცნობია, ბოლო შესყიდვაში "სმარტ სოლუშენს" ჰყავდა თუ არა კონკურენტი. შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე ამ დრომდე მხოლოდ ერთი მონაწილე ჩანს.

სმარტ სოლუშენსი, რომელიც ქვეყნის მთავარი გამზირის რეაბილიტაციას ჩაიბარებს, თეთრ სიაშია. კომპანია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულად ითვლება, მისი მფლობელის და ბიზნესპარტნიორების მიერ "ოცნების" დაფინანსების, თუ გოგსაძის ნათესაური კავშირების გამო. ოპოზიცია ეჭვობს, რომ სწორედ ეს კავშირები და გავლენა აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი 20 მლნ-ან შესყიდვაში.

ლევან გოგსაძე "პირველების" კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ პარტია და მისი ნათესაური კავშირები არაფერ შუაშია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა და ეს ჩვეულებრივი ამბავია. "სმარტ სოლუშენის" მფლობელი ამტკიცებს, რომ შესყიდვაში მას შემდეგ შევიდა, რაც მერიის გამოცხადებული ფასი მისაღები გახდა.  

უკვე დიდი ხანია, რაც სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად ის ბიზნესები გვხვდებიან, ვინც "ქართულ ოცნებასთანაა კავშირში. ექსპერტები ხსნიან, რომ ეს ივანიშვილის პარტიის მიერ შექმნილი სისტემის დამსახურებაა - რადგან ბიზნეს ველზე მხოლოდ პარტიისადმი ლოიალური კომპანიები შემორჩნენ.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები