პატიმრების მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ

09.07.26 11:34
პატიმრების მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ

 

 

პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრების მშობლები საზოგოაებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ.

მშობლების თქმით, მათი  ოჯახების ბრძოლა წარმოადგენს საზოგადოების ფართო ინტერეს , ამ თემის იგნორირება კი ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.

მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ჩანიშნოს სხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე რატომ არცერთხელ არ დაგვეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი პატიმრების ოჯახის წევრებს? რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები - განაცხადეს მშობლებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებას.
უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონითა და მისი მანდატით, მას ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენა და დაიცვას საზოგადოების უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა და საზოგადოების ფართო ინტერესი უდავოდ წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.
ჩვენი პირველი მოთხოვნაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდეს ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი და საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი მოთხოვნები. 
 ჩვენი მეორე მოთხოვნაა უახლოეს პერიოდში გაიმართოს ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, ჩვენსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის.
ჩვენი მესამე მოთხოვნაა სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს დაგვითმონ პირდაპირი ეთერი, რომ ამ არხითაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას. რათა სასამართლო სხდომების დახურვის პირობებში  საქართველოს მოსახლეობას თავადაც მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილების, ოჯახის წევრებისა და მათი საქმეების შესახებ.
მეოთხე - მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ჩანიშნოს სხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე რატომ არცერთხელ არ დაგვეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი პატიმრების ოჯახის წევრებს??? რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები, მაშინ როცა ჩვენ თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ, მოქალაქეებთან პირადად მივიტანეთ თავისუფლების ხმა ციხიდან და გავმართეთ ასზე მეტი ღონისძიება, აქცია თუ სხვაგვარი აქტივობა, გვიპასუხეთ ჩვენ და საზოგადოებას, მიუხედავად არაერთჯერ სხვადასხვაგვარი ფორმით მომართვისა, რატომ არ დაგვეთმო ეთერი?
ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას და საზოგადოების ინფორმირების უფლებას.
ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან... 
მოვუწოდებთ ყველა ჩვენს გულშემატკივარს გამოხატონ პოზიცია, ვიმსახურებთ და გვეკუთვნის თუ არა პირდაპირი ეთერი წელიწადნახევრიანი დაუღალავი ბრძოლის შემდეგ მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე...
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახუროს საზოგადოებას, დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი და არ დატოვოს ჩრდილში არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
დღეს სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას მოვითხოვთ".- ნათქვამია მშობლების ერთობლივ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები