"რეალურად ეს განაჩენი გამოიტანა "ქართულმა ოცნებამ" - ალეკო ელისაშვილის ცოლი, ირინა კილოსანიძე

10.07.26 21:59
"რეალურად ეს განაჩენი გამოიტანა "ქართულმა ოცნებამ" - ალეკო ელისაშვილის ცოლი, ირინა კილოსანიძე

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ალეკო ელისაშვილის ცოლის, ირინა კილოსანიძის განცხადებით, დაკავებულ პოლიტიკოსს განაჩენი რეალურად "ქართულმა ოცნებამ" გამოუტანა. 

მისი თქმით, 8 თვის წინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი და "დღეს მოსამართლე გელაშვილმა ფურცელზე გადაიტანა და ბეჭედი დაარტყა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების" ნათქვამს".

მოლოდინი, რა თქმა უნდა, კარგი არ გვქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენი წელია  გრძელდება უკვე ეს ყველაფერი, მესამე წელია არცერთი ადეკვატური განაჩენი არ გამოუტანია ამ სასამართლოს, შესაბამისად ადეკვატურს აქაც არ ველოდით და გამოიტანეს მართლაც ის, რისი მოლოდინიც ალექსანდრესაც ჰქონდა, ამბობდა, რომ 12-13 წელს მომისჯიან და მაგაზე არ ინერვიულოთ, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ გამაწვალონო, დამსაჯონო. 

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დგები... არ ვცხოვრობთ ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და შესაბამისად ეს ჩემი რაღაც რომ გამკრავდა ხოლმე [იმედი] იყო სისულელე. 

ტერორისტული აქტი ძალიან მძიმე ბრალდებაა, ტერორისტი იყო ოსამა ბინ ლადენი, ვიცით ჩვენ მისი ტერორისტული აქტის შესახებ, რომელსაც მოჰყვა ნგრევა, მსხვერპლი და დღეს, ჩვენმა სასამართლომ, რეალურად ეს განაჩენი გამოიტანა "ქართლმა ოცნებამ" და 8 თვის წინ შალვა პაპუაშვილმა გვითხრა ჩვენ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი და დღეს უბრალოდ მოსამართლე გელაშვილმა ეს ფურცელზე გადაიტანა და ბეჭედი დაარტყა პაპუაშვილის და "ქართული ოცნების" ნათქვამს," - ამბობს ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე. 

"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

რას ედავებიან ელისაშვილს?

  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს.  ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

მსგავსი სიახლეები