სუს-ი: დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი

10.07.26 21:30
სუს-ი: დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე ძებნილი პირი. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძე​მ ბრიფინგზე განაცხადა. 

ლაშა მაღრაძის ცნობით, აღნიშნული პირი საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. 

სუს-ის უფროსის მოადგილეს ბრიფინგზე დაკავებული პირის ინიციალები არ გაუჟღერებია. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. 

ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან კონტაქტების დადგენაზე.

სუს-ის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით მზადდებოდა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს სუს-ის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. 

გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ. 

როგორც გახსოვთ, სუს-ის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ. 

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გასული წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა, მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის, თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით. 

ასევე გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან," - განაცხადა ლაშა მაღრაძემ. 

მსგავსი სიახლეები