პრეცედენტული საქმე: ემიგრანტი ქალი ამბობს, რომ იტალიაში, ლატარეაში მოგებულ 2 მილიონი საქართველოში წაართვეს
55 წლის ემიგრანტი ქალი, ლელა ჩოქური, რომელმაც იტალიაში, ლატარეაში 2 000 000 ევრო მოიგო, ამტკიცებს, რომ ფულს ტერორის გზით ართმევენ.
ჩოქური, "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ იტალიის ლატარეას კომპანიამ გამარჯვებულად სწორედ ის დაასახელა, თანხაც საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა, ქართულმა სასამართლომ კი გამარჯვებული შეცვალა და ფულის მფლობელად ასევე ემიგრანტი ნინო გოდერძიშვილი დაასახელა.
ლელა ჩოქური აღნიშნავს, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს 2 მილიონიანი იღბლიანი ლატარიის ბილეთი, მისი ფულით, ასევე ემიგრანტმა ნინო გოდერძიშვილმა შეიძინა. 55 წლის ქალი აღნიშნავს, რომ ამის მოწმეები არსებობენ. საქართველოში დაბრუნებულმა გოდერძიშვილმა ჩოქურის თქმით, მოგებული თანხიდან მიღებული ფული არ იკმარა და მეტი თანხის მისაღებად საქმის გარჩევაში ე.წ. ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები ჩართო.
ამას გარდა ლელა ჩოქური ამტკიცებს, რომ საქართველოში დაბრუნებულს მას გოდერძიშვილის ოჯახის წევრები შეხვდნენ და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.
ვიდრე ქალი საქართველოში იყო, უდინეში გაქურდეს მისი ბინაც. ჩოქური ეჭვობს, რომ ბინის გატეხვა და დოკუმენტების სახლიდან გატანა სწორედ ნინო გოდერძიშვილს უკავშირდება.
55 წლის ქალი აღნიშნავს, რომ დაშინების შემდეგ, იძულებული გახდა გოდერძიშვილის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და 600 000 ევროს ნაცვლად, მოგებული თანხა შუაზე გაეყოთ, რაც მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა. 2022 წლის 29 ივლისს გაფორმებული აქტით მხარეებს მოგებული თანხა შუაზე უნდა გაეყოთ.
საბოლოოდ, გოდერძიშვილმა ჩოქურს თბილისში უჩივლა და თქვა რომ იტალიაში ეროვნულ ლატარიაში თანხა მან მოიგო და 2 მილიონი ევრო მისია.
საბოლოოდ, საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და თქვა რომ თანხის ოფიციალური მფლობელი ნინო გოდერძიშვილია.
ჩოქურის თქმით, გოდერძიშვილის საქართველოში დაბრუნების დღიდან მის ინტერესებს "ქართული ოცნების" ყოფილი პროკურორი და ყოფილი პარლამენტის წევრი არჩილ კბილაშვილი იცავს.