როგორია სტიქიის შედეგები თელავში - ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან
რა მდგომარეობაა თელავში სტიქიის მეორე დღეს? - როგორც "პირველების" კორესპონდენტი ეპიცენტრიდან იუწყება, მოსახლეობის ნაწილს, სასმელი წყალი, ელექტროენერგია და გაზმომარაგება ამ დრომდე არ მიეწოდება.
ქუჩების ნაწილი სრულად გაწმენდილი ამ ეტაპისთვის არ არის. მძიმე ვითარებაა სეხნიაშვილის ქუჩაზე, სადაც მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს.
კვლავ დატბორილია კლინიკა "ავერსის" პირველი სართული, სადაც აფთიაქი იყო განთავსებული.
ადგილობრივების თქმით, თელავის ხევის კალაპოტი წლების განმავლობაში არ გაწმენდილა და ის "ნავსაყრელად იყო ქვეული". ამასთან, წყლის დამბების მდგომარეობა, რომელსაც წყალი უნდა შეეკავებინა, არავის შეუმოწმებია.
გეოლოგები, რომლებიც პროცესებს იცნობენ, წინასწარი გაფრთხილების სისტემის მონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობენ. ასევე, ყურადღება მახვილდება კაპაპოტის და დამბების მოწესრიგების აუცილებლობაზე.
ადგილობრივების თქმით, ზარალი შესაძლოა, ათეულობით ათასი ლარი იყოს. განადგურებულია ვენახი, რომელიც კახელების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.
რამდენიმე საათის წინ, ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები, დაზიანდა ავტომობილები, ხოლო ადიდებულმა წყალმა ქუჩები ქვა-ღორღით დაფარა და ხეები მოგლიჯა. ქალაქის დიდ ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
ამის პარალელურად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თელავში სტიქიის პირველადი შეფასება გამოაქვეყნა.
სპეციალისტების შეფასებით, პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია.