უკრაინამ რუსეთის ციხის ექიმს ტყვეების წამებისა და სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენა

13.07.26 12:11
უკრაინამ რუსეთის ციხის ექიმს ტყვეების წამებისა და სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ექიმს, ვიაჩესლავ ჩერდანცევს, სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მიმართ წამების, სექსუალური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ექიმი ვლადიმირის ოლქში მდებარე №7 სასჯელაღსრულების კოლონიაში მუშაობდა, სადაც, უკრაინული მხარის მტკიცებით, 2022-2025 წლებში უკრაინელი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო პირები სისტემურ ძალადობას ექვემდებარებოდნენ.

უკრაინელი გამომძიებლების ცნობით, ჩერდანცევი პატიმრებს უარს ეუბნებოდა სამედიცინო დახმარებაზე, აიძულებდა გაშიშვლებასა და სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ქმედებების შესრულებას, ასევე მათზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი - რუსეთის მოქალაქე იაროსლავ კირილოვი, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ექიმთან ერთად პატიმრების წამებაში მონაწილეობა ედება ბრალად.

ბრალდებები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ წარადგინეს, რაც OCCRP-ისა და „სქემების“  ერთობლივმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ყოფილი ტყვეების ჩვენებების საფუძველზე სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა დაადგინა. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია დაახლოებით 50 ყოფილი უკრაინელი ტყვე.

მსგავსი სიახლეები