ბრიტანელ ომის ვეტერანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
ბრიტანელ ომის ვეტერანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. როგორც ირკვევა, ყოფილი სამხედრო მეთიუ როი - დეზმონდი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.
- ცნობისთვის, დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი ომის ვეტერანი საქართველოში ჩანთაში აღმოჩენილი წამლებისთვის დააკავეს, რომლითაც უფლებადამცველის თქმით, 49 წლის კაცი ხერხემლის ტკივილს იყუჩებდა.
მეთიუ როი - დეზმონდის ადვოკატის, ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ისინი ბრალდების მხარესთან უკვე შეთანხმდნენ და ახლა ჯარიმის ასი ათას ლარს აგროვებენ.
ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მეთიუ როი - დეზმონდს დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა დაკავებული ყოფილი სამხედროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, შესაბამისად მათ საქმესთან დაკავშირებით დავა არ გააგრძელეს.
ჩვენ ვაგროვებთ იმ ჯარიმის თანხას, რომელზეც შევთანხმდით ბრალდების მხარესთან, ეს აღარ არის დასამალი, ასი ათას ლარზე შევთანხმდით ბრალდების მხარესთან. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ფორმალურად ასეთი პრაქტიკა ჯერ სასამართლოს არ აქვს, ჩვენ რომ ვიდაოთ, ჩვენ შეიძლება მოვიგოთ ეს საქმე, თუმცა ასი პროცენტით ამას ვერ ვიტყვით, ამიტომ, ვინაიდან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვინაიდან 8-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობა ელოდება, აღარ ვრისკავთ. ის პირობები, რომლებიც ბრალდების მხარემ შემოგვთავაზა, მისაღებია, ანუ მთავარია თავისუფლება ამ ადამიანისთვის, ამიტომ ვეღარ გავიგებთ რა მოხდებოდა რომ გვედავა ამ საკითხთან დაკავშირებით," - აცხადებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.