ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის სასჯელს სამართლებრივად აფასებს და მის პოსტს განმარტავს

13.07.26 22:58
ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის სასჯელს სამართლებრივად აფასებს და მის პოსტს განმარტავს

საქართველოს სახალხო დამცველი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად აფასებს და სოციალურ ქსელში მის მიერ დაწერილ პოსტს განმარტავს. 

ლევან იოსელიანის თქმით, 13 წელი არ არის ის სასჯელი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სასამართლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოეტანა და შეიძლებოდა უფრო დაბალი ყოფილიყო ეს სასჯელი. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მისი პოსტი, სასამართლოსთვის და იმ ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც ალეკო ელისაშვილის საქმეები მომავალშიც უნდა განიხილონ. 

ეს შედარება დავწერე იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, სასჯელი უნდა იყოს პირველ რიგში სამართლიანი. სამართლიანობაში ვგულისხმობ იმას, რომ ის უნდა ასახავდეს იმ რეალობას იმ ქმედების მიმართ, რაც ადამიანმა ჩაიდინა. მე ხომ არ ვსაუბრობ ალეკოს უდანაშაულობაზე და ამაზე მე მგონია, არავინ არ საუბრობს, მაგრამ აქ საუბარი არის, რომ ის, რაც მან ჩაიდინა, მისი სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მე ვფიქრობ, რომ 13 წელი არ არის ის სასჯელი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მის მიმართ გამოტანილიყო, შეიძლებოდა უფრო დაბალი ყოფილიყო ეს სასჯელი. 

მე შეგნებულად დღეს არ ვისაუბრებ კვალიფიკაციის ნაწილზე, ვთქვათ ტერორიზმია, სხვისი ქონების დაზიანებაა, უბრალოდ დღეს მე არ მაქვს ნანახი განაჩენი, სადაც დასაბუთებულია ეს კვალიფიკაცია, გადაწყვეტილება. როგორც კი მექნება განაჩენი, ბუნებრივია მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ, როგორც სახალხო დამცველის. კი, იგივეს გავაკეთებ, რაც გავაკეთე პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართე. 

ალეკოსთან ვერ [მივმართე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით] იმიტომ, რომ საქმის მასალებზე არ მქონდა წვდომა. ვინაიდან მის ადვოკატებს ჰქონდათ გაუთქმელობის ხელწერილი ჩამორთმეული, მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ჩემთვის მოეტანათ საქმის მასალები, ამიტომ მე ვერ შევაფასებდი ამას. 

ჩემი მეგობარი რომ არის, ეს კი არ განსაზღვრავს ამ ჩემ ქმედებას, განსაზღვრავს ის, რომ როგოც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის, თუ ბრალდებულის შემთხვევაში ვიყენებ ამ ინსტრუმენტს, რა ინსტრუმენტიც გამაჩნია, როგორც სახალხო დამცველს. [...]

ჩემი სტატუსი რაიმე ტიპის შეფასებას საერთოდ არ მოიცავს, არის უბრალოდ ჩამონათვალი. კი ეს იყო ჩემი მიზანი, რომ მათ შორის სასამართლოსთვის, ეს უფრო მიემართება სასამართლოს, ეს არ არის პოლიტიკოსებისთვის, ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მომავალშიც უნდა გააგრძელოს ალეკოს საქმეების განხილვა, მითუმეტეს კიდევ სხვა საქმეებიცაა, რომლებიც უნდა განიხილონ. ამით შევეცადე, რომ სასჯელის ზომაზე გამემახვილებინა ყურადღება და შემედარებინა ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში მხილებული მსჯავრდებულებისთვის. 

საქმე ისაა, რომ 13 წელი ბევრად აღემატება იმ სასჯელების ჩამონათვალს, რაც მე გამოვაქვეყნე. ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო ჩემი სტატუსი," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის ალეკო ელისაშვილთან ციხეში, საკანში ხშირად შედის.

ლევან იოსელიანის განმარტებით, დაკავებულ პოლიტიკოსს ნორმალური პირობები აქვს და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პრეტენზიები არ გააჩნია. 

პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით მას ჩემთან... მე მასთან საკანში შევდივარ და რაღაც განსაკუთრებული პრეტენზიები მას არ გააჩნია. სამარტოო საკანშია. მოპყრობაც ნორმალური აქვს, პირობებიც ნორმალური აქვს, კვებაც, ამ მხრივ ვერ ვიტყვი რომ ის რაღაც განსაკუთრებულ... როცა პირველად შეასახლეს, მაშინ ჰქონდა რამდენიმე პრობლემა, რაც მერე მალევე მოგვარდა. დღეს, ამ მხრივ შემიძლია ვთქვა რომ მას პრობლემები არ აქვს," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.