ჩვენება სასამართლოში - შაქარიშვილმა, ევროკავშირის მიერ მელიასადმი გადახდილი გირაო, მტრულ საქმიანობად შეაფასა

14.07.26 15:35
ჩვენება სასამართლოში - შაქარიშვილმა, ევროკავშირის მიერ მელიასადმი გადახდილი გირაო, მტრულ საქმიანობად შეაფასა

 

 

ოპოზიციის დევნის საქმე - ვატო შაქარიშვილის 2 საათიანი გამოკითხვა დასრულებულია. "პირველების" ინფორმაციით, "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა სასამართლოზე თქვა, რომ "აგენტის და პატრონის საუკეთესო მაგალითია ნიკა მელიას ქეისი, როდესაც ევროკავშირმა 2021 წელს 40 000 ლარიანი გირაო გადაუხადა ნიკა მელიას".

უკვე სხდომიდან გამოსულ შაქარიშვილს "პირველებმა" ჰკითხა, თუ რისი დამადასტურებელია მისთვის ნიკა მელიასთვის გადახდილი ჯარიმა.

"იმის, რომ საქართველოში ერთი ცენტრიდან მართული ძალებით იმართებიან" - თქვა შაქარიშვილმა.  დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმბობს "ერთი ცენტრიდან მართულ ძალებში" -  "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ბრიუსელი, ვაშინგტონი და სხვა დედაქალაქები დაასახელა.

"ტვ პირველმა" ასევე გაარკვია, რომ შაქარაშვილმა სხდომაზე ახსენა მამუკა ხაზარაძე და მისი გუნდი - თქვა, რომ "ლელოს" 9 პუნქტიანი გგემა, სადაც საუბარი იყო იმ შეზღუდვებზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან მიმართებით უნდა განეხორციელებინა, ანტისახელმწიფოებრივი იყო. 

ეს შაქარიშვილს არ დაუმალავს არც "პირველებთან" - სხდომის დასრულების შემდეგ, მან იგივე გაიმეორა ჩვენს ჟურნალისტთანაც.

"9 პუნქტიანი გგემა, რომელიც ლელომ ჩამოიტანა უცხო ქვეყნებიდან, იყო ანტისახელმწიფოებრივი",- თქვა შაქარიშვილმა. 

"პირველების" კამერასთან საუბრისას "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ირწმუნებოდა, რომ დაცვის მხარემ მას შესაბამისი კითხვები ვერ დაუსვა.

"მეკითხებოდნენ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა"  - თქვა შაქარაშვილმა, რის შედმდეგაც ანალოგიური კითხვა მას "პირველების" ჟურნალისტმაც დაუსვა, თუმცა რესპოდენტმა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

  • ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ. 

გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი  უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.