TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

14.07.26 16:36
TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, 379-მა თანამდებობის პირმა 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო

TI-ის თანახმად, ფულადი საჩუქრის სახით 11 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მლნ ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული. საჩუქრების 60.78% მშობლებისგანაა.

თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სახით იღებენ. 09.2025-04.2026 პერიოდში 100-მა პირმა ჯამურად 12 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. უძრავი ქონებიდან 48 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 69 – მიწის ნაკვეთი.

233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მლნ ლარი მიიღო ფულადი საჩუქრის სახით, რაც საშუალოდ ერთ პირზე 47 ათასი ლარია. მათგან 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღებული. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 28 ავტომობილი და 6 იარაღი.

ფულადი საჩუქრის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროშია მითითებული. 09.2025-04.2026 პერიოდში მიღებული 11 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 5,6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 1,7 მლნ ევროში", - წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყებების მიხედვით, ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 2,3 მლნ ლარი.

ახალი კვლევის მიხედვით, შემდეგ მოდის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 2 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. შემდეგ კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც 9 თანამშრომელმა ჯამში 1,6 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო. 

TI-ის თანახმად, შემდეგმა 10-მა თანამდებობის პირმა 09.2025 - 04.2026 წლების დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

1. თამარ დოლიძე – 930,060 ლარი

  • თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
  • თამარ დოლიძის შვილებმა მამისგან მიიღეს 350,000 ₾,150,000 ₾, 300,000 ₾ და 100,000 ლარად შეფასებული ოთხი უძრავი ქონება. ასევე, ნაღდი ფულადი თანხა 15,000 ლარისა და 5,000 ევროს ოდენობით. ჯამში - 930,060 ლარის ღირებულების საჩუქრები.

2. დემურ სულაბერიძე - 900,000 ლარი

  • თანამდებობა: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე (ყოფილი)
  • დემურ სულაბერიძემ დედისგან მიიღო 900,000 ლარად შეფასებული ფართი.

3. ზურაბ გოზალიშვილი - 800,000 ლარი

  • თანამდებობა: ააიპ-სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი
  • ზურაბ გოზალიშვილმა დედისგან ორჯერ მიიღო 400,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება, ჯამში 800,000 ლარი.

4. მიხეილ სარჯველაძე - 500,000 ლარი

  • თანამდებობა: ჯანდაცვის მინისტრი
  • მიხეილ სარჯველაძის მეუღლემ ძმისგან მიიღო 500,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება.

5. პაატა პატიაშვილი - 446,080 ლარი

  • თანამდებობა: თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
  • პაატა პატიაშვილმა ძმისგან მიიღო 164,000 დოლარად შეფასებული უძრავი ქონება. 2024-2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება - 446,080 ლარია.      

6. ხათუნა თოთლაძე - 408,000 ლარი

  • თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე
  • ხათუნა თოთლაძემ დედისგან მიიღო ფულადი საჩუქარი 150,000 USD. 2024-2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 408,000 ლარია.

7. კახაბერ გავაშელი - 408,000 ლარი

  • თანამდებობა: საბურთალოს რაიონის გამგეობის გამგებლის მოადგილე
  • კახაბერ გავაშელის მეუღლემ დისგან მიიღო 150,000 დოლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა. 2024-2025 წლების საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 408,000 ლარია.

8. ნინო მდინარაძე - 389,677 ლარი

  • თანამდებობა: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრი
  • ნინო მდინარაძემ ფულადი საჩუქრის სახით მშობლებისგან ჯამურად მიიღო 142,218 დოლარი. 2025 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 389,677 ლარია.

9. სანდრო ცაბუტაშვილი - 377,800 ლარი

  • თანამდებობა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსი (ყოფილი)
  • სანდრო ცაბუტაშვილმა და მისმა მეუღლემ ნათესავებისგან ჯამურად მიიღეს 377,800 ₾ ოდენობის ფულადი საჩუქარი.

10. თინათინ მეძმარიშვილი 338,750 ლარი

  • თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი
  • თინათინ მეძმარიშვილის მეუღლემ დედისგან მიიღო ორი საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან ერთი შეფასებულია 90,000 დოლარად, ხოლო მეორე 35,000 დოლარად. 2024 წლის საშუალო კურსით, საჩუქრის საერთო ღირებულება 338,750 ლარია

მსგავსი სიახლეები