რა ბედი ეწევათ სადგურის მოედნიდან გაყვანილ გარემოვაჭრეებს?

14.07.26 21:10
რა ბედი ეწევათ სადგურის მოედნიდან გაყვანილ გარემოვაჭრეებს?

თბილისის მერიის თანამშრომლებმა გვიან ღამით ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს და გაიტანეს. კადრებში, რომლებიც თავად მერიამ გაავრცელა, ჩანს, როგორ დემონტაჟდება სავაჭრო ინვენტარი და თავსდება ნაგვის მანქანაში. დილით ადგილზე მისულ გარემოვაჭრეებს არც დახლები და არც ის პროდუქცია დახვდათ, რომლითაც ვაჭრობას აპირებდნენ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათი თქმით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად პენსიონერები, უმუშევრები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ვაჭრობენ, რომელთა დიდი ნაწილი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მერიის ღამის რეიდის შედეგად დაზარალებულთა შორისაა მძიმედ დაავადებული ქალიც, რომელიც, მისი თქმით, ოჯახს წლების განმავლობაში სწორედ ამ მცირე დახლით არჩენდა.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ერთი წლის წინ „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეულმა პარაპეტმა ადამიანები დააზარალა, ახლა კი, მათი შეფასებით, თვითდასაქმებულებს საარსებო წყაროც წაერთვათ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.