გაშიფრულია ნარკორეალიზაციის სქემა - სპეცოპერაციის შედეგად 121 პირი დააკავეს
სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულთა შორის შორის ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 59 პირია.
ასევე, დაკავებული არიან ის პირები, რომელთა მხილების მიზნით, სამართალდამცველებმა მათ სახელზე შენიღბულად გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, ხელბორკილები დაადეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ირკვევა, რომ პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის:,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ და სხვა.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები. საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5000-მდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 85%-ით არის გაზრდილი".- გაბნაცხადა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ .