ქუთაისის სააპელაციომ პირი, რომელიც პოლიციელებისთვის "ძაღლების" დაძახების გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, უდანაშაულოდ ცნო - ადვოკატი

15.07.26 12:20
ქუთაისის სააპელაციომ პირი, რომელიც პოლიციელებისთვის "ძაღლების" დაძახების გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, უდანაშაულოდ ცნო - ადვოკატი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხომერიკმა გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, სალიხ შაინიძის გადაწყვეტილება და პირი, რომელიც სამართალდამრღვევად იყო ცნობილი პოლიციელებისთვის "ძაღლების" დაძახების გამო, უდანაშაულოდ ცნო.

ამის შესახებ "პირველებს" აღნიშნული პირის - ბ.დ-ს ადვოკატმა, პაატა შავაძემ განუცხადა. 

შავაძის თქმით, მოსამართლე ხათუნა ხომერიკი გადაწყვეტილებაში წერს, რომ არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფად იყოს მიჩნეული მისთვის "ძაღლის" წოდება.

შავაძე ამბობს, რომ ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ქეისიც საინტერესოა, რადგან მსგავსი ბრალდებით ამ დრომდე ბევრი ადამიანია სამართალდამრღვევად ცნობილი.

სულ ცოტა ხნის წინ, ბათუმში პირი მხოლოდ იმიტომ დააკავეს და ბათუმის სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ იმიტომ ცნო დამნაშავედ, რომ პოლიციელების თანდასწრებით სასქესო ორგანოზე ხელი მოიკიდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ აპელაციაში გავასაჩივრეთ და მოვიგეთ კიდეც. ამჯერად, ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ცნო პირი სამართალდამრღვევად, იმისთვის რომ პოლიციელებს ძაღლები უწოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ და მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა მიიღო სამართლიანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებაში პირდაპირ დაწერა, რომ მხოლოდ სიტყვა ძაღლის წოდება ვერ ჩაითვლება პოლიციელისთვის შეურაცხყოფად და ამისთვის არ შეიძლება ადამიანი დამნაშავედ იქნას ცნობილი. სამწუხაროდ, მსგავსი ბრალდებებით ხშირია ადამიანების დამნაშავედ გამოცხადება და ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ძალიან მისასალმებელია" -აღნიშნა "პირველებთან" საუბრისას შავაძემ.