პროკურატურა: ლევან გამრეკელმა ზიანის ნაწილი, 2 მილიონი უკვე აანაზღაურა - 3 მილიონი დათქმულ ვადაში უნდა გადაიხადოს
საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ლევან გამრეკელმა, რომელიც პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ზიანის ნაწილი 2 მილიონი ლარი უკვე აანაზღაურა, ხოლო დარჩენილი სამი მილიონი ლარი დათქმულ ვადაში უნდა გადაიხადოს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების პროცესში დაყადაღებული რჩება მისი ქონებაც, რომელიც მიყენებულ ზიანს აღემატება.
ბრალდებულ ლევან გამრეკელს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ. ბრალდებულმა ამ ეტაპზე უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი ლარი, რაც შეეხება მიყენებული ზიანის თანხის ნაწილს,ბრალდებულს ასანაზღაურებლად მიეცა კონკრეტული დრო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ლევან გამრეკელის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია. ბრალდებულ ლევან გამრეკელის სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა", - ამბობენ პროკურატურაში.
ასევე 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს დანარჩენ 2 პირს - პაატა ნოზაძეს და რომან მეტივიშვილს, რომლებიც ლევან გამრეკელთან ერთად იყვნენ დაკავებულნი, როგორც ორგანიზებული ჯგუფის წევრები.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მხარეებმა სასამართლოს მიმართეს. შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა, რის შემდეგაც სასამართლომ გამრეკელი და კიდევ 2 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ლევან გამრეკელი პატიმრობაში 2025 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდა.
პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.