დააკავეს პირი, რომელმაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოები სოც.ქსელში რამდენიმე ადამიანს გაუგზავნა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ბრალდებულს ხელბორკილები დღეს კახეთში დაადეს.
კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.