"პირველების" ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, რევაზ ელიზაბარაშვილია
"პირველების" ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, 35 წლის რევაზ ელიზაბარაშვილია. ბიზნესმენი იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება.
დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები კი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ 35 წლის კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ, ტელეკომპანია "თრიალეთმა" გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 35 წლის ბიზნესმენი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე ავტომობილის გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული.
მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.