სიკვდილი გზებზე - რას ეწირება ხალხი?
გორის ცენტრში ავტოავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახი მძღოლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 35 წლის ბიზნესმენს, რევაზ ელიზაბარშვილს ბრალი დღეს იზოლატორში წარუდგინეს. ოჯახი ფიქრობს, გავლენიანი სანაცნობო წრის დახმარებით მისთვის სასჯელის შემსუბუქებას შეეცდებიან, ამიტომ წინასწარ აფრთხილებს პროკურატურას, რომ საქმეს ბოლომდე მიყვებიან.
ტელეკომპანია "თრიალეთმა" დღეს გაავრცელა კადრები - ტელევიზიის ცნობით, დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა სწორედ რევაზ ელიზბარაშვილს ეკუთვნის და შეჯახებამდე რამდენიმე წუთით ადრე მომენტს ასახავს. ბრალდებულის სახელზე სამი მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული. გამოცემა "ქართლის ამბებმა" დაადგინა, რომ წინა დღეებში ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის რამდნჯერმე იყო დაჯარიმებული. ერთ დღეს 16 წუთში მან სამჯერ გადააჭარბა სიჩქარის ლიმიტს. გარდაცვლილი დედა -შვილის ახლობლები ამბობენ, რომ ელიზაბარაშვილმა შეჯახების შემდეგ, ისინი მიატოვა.
ახლა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს განსაცდელში მიტოვების მუხლი დაემატება თუ არა რევაზ ელიზბარშვილისვის წარდგენილ ბრალს. "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ახლო მანძილზე ელიზაბარაშვილმა მანქანა საპატრულო პოლიციას გაუჩერა და უთხრა, რომ ავარია მოუვიდა. დაკავებულის ოჯახი დღეს დუმს.
საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იზრდება - გაზრდილია დაღუპულთა რიცხვიც - 92 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს 2026 წლის პირველ სამ თვეში. დაშავდა 989 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სტატისტიკა ადასტურებს, რამდენად საშიშია საქართველოს გზები სიცოცხლისთვის. ყველაზე მეტი ავარია თბილისში მოხდა - დაიღუპა 22 ადამიანი, 113 შემთხვევა მოხდა აჭარაში - დაღუპულია 8 ადამიანი - 20 დაიღუპა და 97 დაშავდა ქვემო ქართლში - ეს მხოლოდ იანვრიდან მარტის ჩათვლით მდგომარეობას აჩვენებს.