რექტორი, რომელიც ყალბ დიპლომებს ყიდდა, 3 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს - გირაოთი ტოვებს ციხეს ყალბი პასპორტების გამსაღებელიც
პასპორტების გაყალბებაში სუს-ის მიერ მხილებული კაცი დღეს მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან 2 წლიანი პირობითი სასჯელით და 3000 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა. ბრალდებულ ზაზა მეტრეველს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ გაუფორმა. კაცი,რომელიც პასპორტების გაყალბების სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა, დღეს "პირველებთან" ამტკიცებდა, რომ სქემას მარტო ამუშავებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია.
დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოში მასშტაბურ კორუფციაში ბრალდებული პირების პროცესები ერთმანეთის მიყოლებით ასამართლებდნენ . სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, რომელმაც საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებს ქრთამი სახელმწიფო მიწაზე, ე.წ დრაივების სავაჭრო ჯიხურების ჩასადგმელად გამოართვა.
სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა ვანო დავითაშვილიც, თეთრიწყაროს მერის წარმომადგენელი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუთანხმდა, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ფუტკრის სკებს ჩადგამდა, სანაცვლოდ კი ქრთამი აიღო.
სხდომათა დარბაზში განსასჯელის სკამზე ისხდნენ ქუთაისის ერთ-ერთი სასწავლებლის რექტორი და დეკანი, რომლებმაც დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ყალბი ბაკალავრის დიპლომი დაამზადეს. პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, ე.წ შუამავალი, სამივე მათგანი ბრალს აღიარებს და მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო გამოიყენა.
მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა დავით გობეჯიშვილიც, რეინჯერი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, უნიკალური ხე ტყის გაჩეხვის ნებართვებს გასცემდა. სანაცვლოდ კი ქრთამს იღებდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ბრალის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები დევს.
დღეს 6 ბრალდებულის პროცესი გაიმართა, დარჩენილი 22 ბრალდებული სასამართლოს მოლოდინშია, გააფორმებენ თუ არა საპროცესოს, აღიარებენ თუ არა ბრალს თავისუფლების სანაცვლოდ, ეს უკვე შემდეგ სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება.