ბრიტანელ ვეტერანს საპროცესო გარიგებით 100 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
ბრიტანელ ომის ვეტერანს, მეთიუ როი დესმონდსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა როი დესმონდი დამნაშავედ ცნო და 100 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასევე, მიესაჯა საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 20 წლის ვადით.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დესმონდი ამავე დარბაზში ჩაბარდა საიმიგრაციო სამსახურს.
ბრიტანეთის მოქალაქე ომის ვეტერანი საქართველოში ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის გამო დააკავეს და ნარკოდანაშაულის მუხლით წაუყენეს ბრალდება.
- ოფიციალური ინფორმაციით, მეთიუ როი დესმონდის ხელბარგში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 0,0224 გრამი ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შემცველი 112 ცალი აბი და 0,75 გრამი კოდეინის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება 5,8484 გრამი პრეგაბალინის შემცველი 39 კაფსულა აღმოუჩინეს.
ადვოკატების განცხადებით, ომის ვეტერანს ექიმის დამოწმებული დანიშნულება ჰქონდა ყველა იმ მედიკამენტზე, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლად იყენებდა და რაც საქართველოში არალეგალურად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანად ჩაეთვალა.
თავისუფლების სანაცვლოდ „დანაშაულის“ აღიარებისთვის მეთიუ როი დესმონდი დიდი ხანია მზად არის - თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. საპროცესო შეთანხმების საკითხი მას შემდეგ დაიძრა, რაც დაკავებულის ქართველმა ადვოკატებმა დუმილი დაარღვიეს და საქმის დეტალები გაახმოვანეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ დესმონდს დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ სიმართლის დადგენა მისთვის პრიორიტეტი აღარ არის - რადგან საპატიმროში ის „ძალიან ცუდად“ გრძნობს თავს და ხერხემლის ტრავმით გამოწვეული ტკივილი აწუხებს.
- ცნობისთვის, 49 წლის მეთიუ როი დესმონდს, ბრიტანეთის არმიის მრავალი მედლით დაჯილდოებულ, დამსახურებულ ვეტერანს, თავისი მოტოციკლით 25 ქვეყანა აქვს მოვლილი და საქართველოში შემოსვლასაც, ასევე თავისი მოტოციკლით, აპრილის ბოლოს გეგმავდა - საბერძნეთსა და თურქეთში მოგზაურობის შემდეგ. ის 23 აპრილს საზღვარზე დააკავეს. ოჯახთან და ახლობლებთან მისი კავშირი 23 აპრილს 16:14 საათის შემდეგ გაწყდა, რის შესახებაც ფეისბუკში მისი და წერდა.