საპროტესტო მსვლელობას აქციაზე დაკავებულების ადვოკატებიც უერთდებიან

28.11.26 17:28
საპროტესტო მსვლელობას აქციაზე დაკავებულების ადვოკატებიც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების უფლებადამცველებიც უერთდებიან. ადვოკატები ყურადღებას გასული ორი წლის განმავლობაში ძალის გადამეტების ფაქტების გამოუძიებლობასა და პატიმრობაში მყოფ პირებზე ამახვილებენ.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებამ დაუსჯელობისა და დანაშაულების სტიმულირების პრაქტიკა იხილა.

„2 წელი უმოქმედობის, 2 წელი დაუსჯელობის და 2 წელი უფრო მეტი მსგავსი ტიპის დანაშაულების სტიმულირების ვიხილეთ ჩვენ. ვიხილეთ ასევე უამრავი უკანონოდ დაკავებული ადამიანი, რომელიც დღემდე რჩება საპატიმრო დაწესებულებაში. მართალია, მათი გარკვეული ნაწილი მალე დატოვებს საპატიმროს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც წლების გატარება მოუწევთ პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად უსამართლოდ“, — ამბობს ომარ ფურცელაძე.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით კი, 28 ნოემბერი არის დღე, როდესაც ხელისუფლებამ მოქალაქეებზე იძალადა, თუმცა პასუხისგებაში მოძალადე პოლიციელების ნაცვლად აქციის მონაწილეები მისცეს.

28 ნოემბერი არის დღე, როდესაც საქართველოს პოლიციამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ იიძალადა ქართულ ხალხზე. დაწამლეს ერთი მხრივ, მეორეს მხრივ თავყბა დავულეწეს, მესამე მხრივ მოძალადე პოლიციელები არ დაიჭირეს და დაიჭირეს თავისუფალი ადამიანები. 28 ნოემბერი არის დღე, როდესაც ქართველი ხალხი უნდა გაერთიანდეს, - აცხადებს ლაშა ტყეშელაძე

ბორის ჩელე ყურუს თქმით, 28 ნოემბერი სიმბოლური თარიღია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

„ყველა ვიცით, ეს რამხელა მესიჯი იყო და ზოგადად, ახლა გამოსვლის მთავარი აზრი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვნახოთ, რომ ბევრი ვართ, ისევ იგივე რაღაცების გვჯერა, რისიც გვჯეროდა და ისევ იმ ბრძოლაში ვართ, რაშიც ვიყავით“, — აცხადებს ბორის ჩელე ყურუა.

საპროტესტო მსვლელობა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება. იქნება ორი მთავარი ლოკაცია - პირველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მეორე - ავლაბრის მეტრო.