Studio Fuksas-მა რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა

16.07.26 18:02
Studio Fuksas-მა რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა

იტალიურმა არქიტექტურულმა ფირმა „სტუდია ფუკსასმა“ რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა.

„სტუდია ფუკსასის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთხელ სცადეს თბილისის ოფიციალურ პირებთან და შენობის მფლობელებთან დაკავშირება, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„გასული თვეების განმავლობაში სტუდია არაერთხელ სთავაზობდა საქართველოს ხელისუფლებას ერთობლივ მუშაობას ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოსაძებნად, რაც ამ სიმბოლური ნაგებობის შენარჩუნებასა და მისთვის ახალი ფუნქციის მოძებნას გახდიდა შესაძლებელს. ეს თავიდან აგვაცილებდა იმას, რაც ჩვენი აზრით, ნაადრევი დემონტაჟი იქნება. სამწუხაროდ, ამ წინადადებებზე პასუხი არ მიგვიღია“, - წერია ინფორმაციაში. 

„სტუდია ფუკსასის“ განაცხადებით, რიყის საკონცერტო დარბაზის დაგეგმილი დანგრევა „მნიშვნელოვანი კულტურული უკუსვლაა“.

კვირის დასაწყისში, ქართულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის დანგრევის ნებართვა გასცა.

გამოცემა წერს, რომ რიყის საკონცერტო დარბაზი 2010-2012 წლებში აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა თითქმის სრულად დასრულებული იყო, ის საზოგადოებისთვის არასდროს გახსნილა. 15-წლიანი უფუნქციოდ დგომის შემდეგ კი, მისი დემონტაჟი იგეგმება.

პროექტი თავდაპირველად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა. 2022 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შენობა აუქციონზე, დაახლოებით 10 მილიონ ევროდ (47 მილიონ ლარად) კერძო მფლობელზე გაასხვისა. .

იტალიური სტუდია ხაზს უსვამს, რომ შენობის დანგრევა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზარალს მიაყენებს საზოგადოებას, რადგან დემონტაჟიც საბიუჯეტო სახსრებს მოითხოვს.

სტუდიაში აცხადებენ, რომ მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტორების ჩართულობის გარეშე იღებენ პროექტის ნგრევის გადაწყვეტილებას.

მსგავსი სიახლეები