რას ამბობს იოსებ სიგუას ადვოკატი სასამართლოზე ნარკოტიკთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციაზე

20.07.26 18:15
რას ამბობს იოსებ სიგუას ადვოკატი სასამართლოზე ნარკოტიკთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინფორმაციაზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატის თქმით, წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომ  სიგუას რაიმე სახის დამოკიდებულება ნარკოტიკთან, ალკოჰოლთან, ან სხვა მავნე ჩვევებთან დაკავშირებით არ ახასიათებს.

„სიტყვა ნარკოტიკის მოხმარება დღევანდელ პროცესზე არ გაჟღერებულა. ქალბატონმა სოფიომ განაცხადა, რომ თითქოსდა, ბატონი იოსების მხრიდან ფიქსირდებოდა გარკვეული ქმედებების განხორციელება ალკოჰოლური თრობის ქვეშ. შემდგომ თვითონვე უარყო აღნიშნული გარემოება დამაზუსტებელი კითხვების მიმდინარეობის დროს. თუმცა 2026 წლის 21 მარტს, როდესაც საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომ რაიმე სახის დამოკიდებულება ნარკოტიკთან, ალკოჰოლთან, ან სხვა მავნე ჩვევებთან დაკავშირებით ბატონ იოსებ სიგუას არ ახასიათებს. ქალბატონი სიფიო ბევრ რამეს ამბობს. ქალბატონი სოფიოს მიერ ნათქვამი ფაქტობრივი გარემოებები ჩვენი მხრიდან დამტკიცებულია კონკრეტული მტკიცებულებების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების წარდგენით,“ - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ამასთან, თეონა გვაზავას განცხადებით, სოფიო სიგუა-შატბერავას არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს დაადასტურებდა.

„შემაკავებელი ოქმის ფარგლებში ქალბატონი სოფიოს მხრიდან მითითებულია სამი პიროვნება: დეიდა, ბიძა და მისი მეგობარი, რომ თითქოს ისინი შეესწრნენ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში არცერთ წერილობით დოკუმენტში ნახსენები არ არის მათი არასრულწლოვანი შვილები. არათუ არასრულწლოვანი შვილები, არამედ ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში ნახსენები მისი მოწმეებიც არ დაკითხულან და არ წარდგენიდან სასამართლო დარბაზში, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება მისი მხრიდან, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის განხორციელების ფაქტს. აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა ევალება მას როგორც მოპასუხეს,“ - განაცხადა თეონა გვაზავამ.

„დღევანდელ პროცესზე გაჟღერდა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც ქალბატონი სოფიო აქამდე არ ასაჯაროებდა. მაგალითად, ერთ-ერთი გარემოება შეეხება, რომ ბატონი სოსო თითქოსდა, აკონტროლებდა მის ჩაცმულობას და უკრძალავდა მათ შორის, ისეთი კაბების ჩაცმას, რაც ქალბატონი სოფიოსთვის იყო სასურველი. ამ ნაწილში, ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზეც გაჟღერდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს ქალბატონი სოფიოს სურათები, რომლებიც განთავსებული აქვს არაერთ სოციალურ გვერდზე, რომელიც საჯაროა და შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც კი გასცემს პასუხს, რომ ბატონი იოსებ სიგუას მხრიდან რაიმე სახის აკრძალვებს ამ ნაწილში ადგილი არ ჰქონდა.

დღევანდელ პროცესზე ქალბატონმა სოფიომ ისიც კი განაცხადა, რომ ბატონი იოსებ სიგუას მხრიდან დღემდე გრძელდება მისი გადაადგილების გაკონტროლება და მიდის იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაზეც თითქოს, იმყოფება ქალბატონი სოფიო მიუხედავად იმ ყველაფრისა, როდესაც ბატონი სოსოს მიმართ გამოყენებულია ზედამხედველობის ღონისძიება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქალბატონ სოფიოს თავისი პოზიციის ჩამოყალიბების დროს, ის გარემოებაც კი დაავიწყდა, რომ კონტროლი ხორციელდებოდა სასამართლოს მხრიდან და ფიზიკურად ვერ მიუახლოვდებოდა ბატონი იოსებ სიგუა ქალბატონ სოფიოს.

დღევანდელ პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა, ვინაიდან მთავარი არის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე გარემოება, შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივი საფუძვლები სწორედ ამ შემაკავებელი ოქმით უნდა დადგინდეს და ამ პროცესზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება მათ შორის, წერილობითი მტკიცებულები, რომლებიც უარყოფს იმ ინფორმაციას, რაც დაფიქსირებულია ქალბატონი სოფიოს მხრიდან შემაკავებელი ორდერის ოქმში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის კომენტარს IPN.GE ავრცელებს