ჩხუბი კახეთის სასტუმროში - მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

20.07.26 21:46
ჩხუბი კახეთის სასტუმროში - მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

"არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი" - ამის შესახებ კახეთის სასტუმროში, ქორწილში მომხდარი დაპირისპირების მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი ვიდეო მიმართვაში საუბრობს

მომღერალი პოლიციას მადლობას უხდის საქმის დეტალური გამოძიებისთვის. 

უბრალოდ გაურკვევლობა მოხდა, არაფერი არ მომხდარა, პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომ საქმეს დეტალურად იძიებს. არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი. ძალიან ბევრი პოსტი იდება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე, რაც მოხდა და რაც იყო რეალობა გუშინ," - ამბობს მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი. 

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში 

სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.  "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები. 

პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].

როგორც მაშინ "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.

გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.