სასტუმრო "აგარანის მამულის" იურისტი კახეთში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს აღწერს
სასტუმრო "აგარანის მამულის" იურისტის, სერგი ცანავას განცხადებით, ქორწილში მომხდარი დაპირისპირების პროვოცირება ტურისტების მიერ გარკვეული სითხის გადმოღვრამ გამოიწვია. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ნომერში განთავსებულ ტურისტებს გაესაუბრნენ და სცადეს, რომ ისინი სხვა ნომერში გადაეყვანათ, ან გადაეყვანათ სასტუმროდან.
სავარაუდოდ მოხდა რაღაც გარკვეული სითხის გადმოღვრა. მე არ მინდა რომ ვამტკიცო რაღაც მტკიცებით ფორმაში და მთლიან სურათს ალბათ გამოძიება დაადგენს. ამან გამოიწვია პირველი შელაპარაკება... პროვოცირებაც ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, იყო უკვე ეს ფაქტი. [...]
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამი პერსონა ავიდა კონკრეტულ ნომერში, დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ამ ხალხთან მოლაპარაკებას, ნომერშიც იყვნენ შესულები, მერე ეს საუბარი გაგრძელდა ფოიეში და ამ საუბრის შემდეგ ჩამოდიან უკვე ჩვენი კომპანიის თანამშრომლები, აძლევენ ინფორმაციას ქორწილის სტუმრებსაც, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ასეთი კონფლიქტური სიტუაცია იყო...
მცდელობა კომპანიისა იყო ის, რომ ეს ქალბატონები გადაეყვანათ სხვა ნომერში, რომ ვიზუალურად კონტაქტი მხარეებს შორის გამქრალიყო, ან მეორე ვარიანტი განიხილებოდა, რომ გაეყვანათ სასტუმროდან, 6 წუთი ამას დასჭირდა, რომ ეს კომუნიკაცია დამყარებულიყო მხარესთან, ასევე დაკავშირება მოხდა ამ ქალბატონების გამყოლ გიდთან, რომ მოსულიყო ტერიტორიაზე, დაგვხმარებოდა სიტუაციის გარკვევაში.
შემდეგ თანამშრომლები ჩამოდიან და კომუნიკაცია ამყარებენ ქორწილის სტუმრებთან. ამავდროულად, დესკზე ცდილობდნენ ჩვენები იმიტომ, რომ სასტუმრო დატვირთულია, თითქმის მთლიანად იყო ათვისებული სასტუმროს ნომრები, ამიტომ ცდილობდნენ მოეძიათ თავისუფალი ნომრები. ასევე, ცდილობდნენ სხვა სასტუმროს დაკავშირებოდნენ და სტუმრები გაერიდებინათ სიტუაციას, დაახლოებით 7 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს და მერე კიდევ შემოდის ინფორმაცია, რომ ესკალაცია კვლავ გრძელდება, ამ დროს ჩვენები უკავშირდებიან 112-ს... ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა," - განაცხადა სერგი ცანავამ.
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა.