"ეს არის პოლიტიკური დევნა, "ოცნება" ცდილობს ასეთი მეთოდებით გააჩუმოს ადამიანები" - ონისე ოქრიაშვილი

23.07.26 15:41
"ეს არის პოლიტიკური დევნა, "ოცნება" ცდილობს ასეთი მეთოდებით გააჩუმოს ადამიანები" - ონისე ოქრიაშვილი

ონისე ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა პოლიტიკური დევნაა. იუმორისტი და სამოქალაქო აქტივისტი არ უშვებს, რომ მას ფიზიკურად აღშფოთებული მოქალაქე გაუსწორდა. 

ონისე ოქრიაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" მიერ წაქეზებულმა, ან დაქირავებულმა პირმა სცემა.  როგორც კომიკოსი ამბობს, "ქართული ოცნება" ამ მეთოდებით ცდილობს პროტესტში მონაწილე ადამიანების გაჩუმებას. 

იყო ხელოვნურად შექმნილი, ყველა ის კონტექსტი, რომელიც მიაკერეს ჩემ ნათქვამს, ჩემ შემოქმედებას, ჩემ საქმიანობას, არის უკონტექსტო და მანიპულაციური და საბოლოოდ ამან ის შედეგი მიიღო, რომ მოამწიფეს განწყობა საზოგადოებაში, რომ ჩემზე ძალადობა შეიძლება არ არის ცუდი იდეა და შემდეგ უკვე დაიქირავეს ადამიანები, რომლებიც ჩამისაფრდნენ სახლთან, როცა მე მარტო მოვდიოდი სახლში აქციიდან და გამისწორდნენ ფიზიკურად. 

მე არ ვიცი ადამიანებს ფული გადაუხადეს, რაიმეს დაპირდნენ, თუ უბრალოდ დააჯერეს, რომ მე ვიმსახურებდი ესეთ ჩასაფრებას. ორი თუ სამი ადამიანი მირტყამდა, მე რაც მახსოვს. გამომძიებლებს მივაწოდე ზუსტად ის ინფორმაცია, რაც გადამხდა. მე ამ ინფორმაციის მიწოდებისას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც ეს ამბავი შემემთხვა, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დევნა, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ასეთი მეთოდებით გააჩუმოს ადამიანები. 

მე მომიახლოვდა ორი ადამიანი, ზუსტად მახსოვს, ერთმა მითხრა - შენ ის არ ხარ ნოდარ დუმბაძეზე რომ ეს თქვიო, მეორემ თქვა - შენი საგინებელია ნოდარ დუმბაძეო და ამ მომენტში იწყება ფიზიკური დაპირისპირება. 

არ ვუშვებ, რომ ეს იყო აღშფოთებული მოქალაქე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო "ქართული ოცნების" მიერ ან წაქეზებული, ან დაქირავებული ადამიანი," - ამბობს ონისე ოქრიაშვილი. 

ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული პირი ამ დროისთვის ბრალის წარდგენას ელოდება. ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 40 წლამდე პირია, რომელიც ონისე ოქრიაშვილს არ იცნობს და არც ის იცოდა, სად ცხოვრობდა, უბრალოდ იმ ადგილას იმყოფებოდა და კომიკოსი სოციალური ქსელიდან იცნო. 

უფლებადამცველის თქმით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტს მიუახლოვდა და გამოელაპარაკა, შემდეგ კი სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მსგავსი სიახლეები