"არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით" - ონისე ოქრიაშვილის ახლობლები "ოცნებას"
იუმორისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის მეგობრებმა და ახლობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის პასუხისმგებლობა პროპაგანდისტულ მედიებს ეკისრებათ.
კომიკოსის ახლობლები "ქართულ ოცნებას" მიმართავენ და ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან და არ გაჩუმდებიან.
ერთი კვირის წინ, მოქალაქის, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული გაშავების კამპანია დაიწყო. პრო სახელისუფლებო მედიებმა - "იმედმა"; Psostv-მ და "რუსთავი 2-მა" - ეს კამპანია კოორდინირებულად ააგორეს. ორი დღის წინ, ონისეს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდამსხმელს საჯაროდ ექომაგება და თავდებობას სთავაზობს დეპუტატი, დიტო სამხარაძე, რომელიც თავადაც არაერთი ფიზიკური ძალადობის მონაწილეა. დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს პასუხობს, რომ ზოგჯერ პოლიცია ვერ დაგიცავს. ეს პირდაპირი გზავნილია მოძალადეებისთვის, ეს არის საჯარო წაქეზება, რომ უარესი მოხდეს.
გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრება სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს. პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომელის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს, მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებს, თუ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ.
ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში, ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის, ამჯერად მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას, თუ ჯგუფს, არამედ ერთ მოქალაქეს.
ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ, კვირაზე მეტია სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუკი ონისეს, ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს.
მივმართავთ საზოგადოებას, მედიებს და პოლიტიკურ ფიგურებს - გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ვიღონოთ ყველაფერი, რომ ონისეზე, თუ მის ახლობლებზე სამომავლო ძალადობის შემოქმედები არ გავხდეთ. მივმართავთ პარტია "ქართულ ოცნებას", გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ, არ გაპატიებთ ტერორს, არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით," - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.
ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო".
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.