გუშინ დაკავებული ნოდარ წიწარიშვილი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს
თბილისის საკრებულოსთან, გუშინ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ წიწარიშვილი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს.
- თავისუფლების მოედანზე, გუშინ, დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მოქალაქეებს ბანერებზე თორნიკე თოშხუას დასმულ კითხვაზე პასუხი ეჭირათ, რის გამოც, წინა დღეს 10 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
იურისტი, მარიკა არევაძე განმარტავს, რომ დღეს, შესაძლებელია ნოდარ წიწარიშვილის პროცესიც ჩაინიშნოს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხედავთ უსაფუძვლო დაკავებებს და რეალურად ეს არის არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ თავისუფალი აზრის გამოხატვის დევნა. გუშინ, ერთი პირი დააკავეს, საკრებულოსთან და ის არის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ველოდებით, როგორც წინა დღეს დაკავებული ათი პირის, ასევე გუშინ დაკავებული პირის სასამართლო სხდომებს. დიდი ალბათობით, 10 პირის შემთხვევაში ეს სხდომები უნდა გაიმართოს დღეს, ან მოხდეს მათი გათავისუფლება, ვინაიდან იწურება მაქსიმალური 48 საათი. დააყენეს ასეთი პრაქტიკა, რომ ყველა აქტივისტს და მოქალაქეს, რომელიც დემონსტრაციების ფარგლებშია დაკავებული, 48 საათის განმავლობაში ათავსებენ იზოლატორში, რაც თავის მხრივ კიდევ ცალკე დარღვევაა. მოცემულ შემთხვევაში თუ 48 საათი ისე ამოიწურება, რომ საქმე არ შევა სასამართლოში და ადამიანები არ იქნებიან წარდგენილი სასამართლოზე, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ამიტომ დღეს, 10 პირის შემთხვევაში, ან ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, ან მოხდება მათი გათავისუფლება და მოგვიანებით მოხდება სხდომების დანიშვნა," - განაცხადა მარიკა არევაძემ.