დაკავებამდე ყოფილი პოლიციელი თურქეთში გეგმავდა გადასვლას - ახალი დეტალები სასამართლოდან
ახალი დეტალები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებული ყოფილი პოლიციელის სასამართლოდან - პროკურატურის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, დავით ჭითანავა საზღვრის დატოვებას გეგმავდა.
შესაბამისად, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხის გათალისწინებით, ბრალდების მხარემ ბრალდებულის პატიმრობაში გაშვების შუამდგომლობა დააყენა.
გაირკვა ისიც, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება გასულ წელს დაიწყო. მთერლი ამ პერიოდის განმავლობაში, ამჟამად დაკავებული წელიწად-ნახევარი ხობის პოლიციაში მუშაობდა და თანამდებობა დაკავებამდე ერთი თვით ადრე დატოვა.
"პირველების" კორესოიდენტის ცნობით, სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა დაასახელა სამეგრელოში მდებარე ესთეტიკის ცენტრიც. საუბარია დაწესებულებაზე საიდანაც სავარაუდოდ, პოლიციელს ფოტოები მიაწოდეს.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა და დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ TV პირველს უთხრა, რომ გამოძიების თანახმად, დავით ჭითანავას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს ესთეტიკის ცენტრიდან უგზავნიდნენ. ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ მდგომარეობას არ ადასტურებს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიული ინფორმაციით, სწორედ ამ ესთეტიკის ცენტრის წარმომადგენელს ჰბრალდებოდა დავით ჭითანავასთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ბიუროს უნდა დაედგინა იყო თუ არა გადაგზავნილი დავით ჭითანავას ტელეფონში აღნიშნული ინფორმაცია“, – აცხადებს სოსო ჯანაშია.
ადვოკატი ადასტურებს იმასაც, რომ დავით ჭითანავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე პოლიცია 1 თვის წინ დატოვა.
ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ შესაძლოა ბრალდებულის ტელეფონში ყოფილიყო აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, გარდა ოპერატიული ინფორმაციისა, ბრალდებულის ტელეფონში სხვა ინფორმაცია არ არის ნანახი. საუბრობდა ბრალდების მხარე, რომ ტელეფონი გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მსგავსი ინფორმაცია ტელეფონში. თუმცა, წელიწად-ნახევარია ეს გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისთვის ეს მტკიცებულება ნაპოვნი არ არის“, – აცხადებს იურისტი.
რაც შეეხება თურქეთში გადასვლის მცდელობას, სოსო ჯანაშია "პირველებს" ეუბნება, რომ დაკავებული ქვეყნის დატოვების მიზეზად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. ადვოკატის განცხადებითვე, დავით ჭითანავა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
რას ამბობს პროკურატურა?
- პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
- გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ყოფილ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 151 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.