თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატრულის თანამშრომელს და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ
თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატრულის ყოფილ თანამშრომელს, ბექა ფუტკარაიას, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა მის თანამბრალდებულ დავით სიამაშვილსაც, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი.
სასამართლო პროცესზე დავით სიამაშვილმა განაცხადა, რომ ბექა ფუტკარაია დანაშაულთან კავშირში არ იყო. მისი თქმით, ყოფილი პატრულის თანამშრომელი მხოლოდ რამდენჯერმე ახლდა ქალთან შეხვედრაზე და ამ საქმიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია.
თავად ბექა ფუტკარაიამ სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.
შეგახსენებთ, ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიზნესმენად გაეცნო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მიზეზით მისგან თანხა ისესხეს. დაზარალებული ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ჯერ 6 500 დოლარი, შემდეგ კი სესხით აღებული 30 000 ლარი გადასცა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნეს.
ქალის განცხადებით, თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ ვითარება დაიძაბა.