"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - სასამართლოში დღეს 16 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ

29.07.26 18:48
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - სასამართლოში დღეს 16 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. 

  • ცნობისთვის, ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 33 პირის საქმე 3 ნაწილად გაიყო. თითოეულ ეპიზოდში ფიგურირებს ე.წ კანონიერი ქურდი მამუკა ჩხაბერიძე, იგივე "ხონსკი".

საბრალდებო სკამზე დღეს 14 პირი იჯდება, 2 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე კი მოსამართლე დაუსწრებლად იმსჯელებს, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან, მათგან ერთ-ერთი სწორედ მამუკა ჩხაბერიძეა. 

დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს. 

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დანაშაულს  არ აღიარებენ და "აბსოლუტურად გაუგებარია მათთვის თუ რატომ და რის გამო ედავება პროკურატურა". 

არცერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს და აბსოლუტურად გაუგებარია მათთვის თუ რატომ და რის გამო ედავება პროკურატურა აღნიშნულ დანაშაულს, რადგან მათი მხრიდან არანაირ დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰქონია ადგილი. 

მათი განმარტებით და მათი თქმით, არანაირ ქმედებას, რომელიც შესაძლოა დაკვალიფიცირდეს "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერად, ისინი არ აღიარებენ. მე ამასთან დაკავშირებით, უშუალოდ ჩემი დასაცავი პირებისგან, ინფორმაცია არ მიმიღია, თუმცა ის, რომ კონკრეტულ პირს იცნობენ, ან არ იცნობენ, სამართლებრივ ჭრილში, ცნობა არცნობის საკითხი ნამდვილად არ უნდა იყოს პროკურატურისთვის საკმარისი, რომ მსგავსი ფორმულირებით მოხდეს ბრალად წარდგენა. 

ამ ეტაპისთვის არ არის ჩემთვის ცნობილი მისი პოზიცია," - ამბობს მარიამ ბარსონიძე. 

პროკურორი, ვაჟა თოდუა აღნიშნნავს, რომ საქმეში არაერთი ჩანაწერია, სადაც დაკავებული პირები მიუთითებენ, რომ მიმდინარეობს სწორედ "ქურდული სამყაროს" საქმიანობა, რომ გამოტანილია ე.წ. ქურდული გადაწყვეტილება და რომ მოქალაქეს თანხას სთხოვენ სწორედ იმის გამო, რომ "კანონიერმა ქურდმა" გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი.

მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის გახლავთ ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელშიც მონაწილეობას იღებს "კანონიერი ქურდიც". მათ მიმართეს ამ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის მიზნით არა როგორც მათ ნაცნობს, არამედ როგორც "ქურდული სამყაროს" წევრს და "კანონიერ ქურდს", არაერთი ჩანაწერია, სადაც მიუთითებენ, რომ მიმდინარეობს სწორედ "ქურდული სამყაროს" საქმიანობა, რომ გამოტანილია ე.წ. ქურდული გადაწყვეტილება და რომ მოქალაქეს თანხას სთხოვენ სწორედ იმის გამო, რომ "კანონიერმა ქურდმა" გადაწყვიტა აღნიშნული საკითხი. 

გამოკითხულია რამდენიმე პირი, თუმცა არაერთი პირია გამოსაკითხი გამოძების მიმდინარეობისას. დაზარალებულები ამ ეტაპზე გამოკითხულები არ არიან, მაგრამ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა ვაჟა თოდუამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითმ, 27 ადამიანი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსს ბრალდება წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.