პოსტი მეორე ვადით კონკურენციის გარეშე - საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო 6 წელი ისევ თინათინ ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სადავეებს, დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი, უკონკურენტო თინათინ ბერძენიშვილი ჩაიბარებს. ბორდის 8 წევრის მხარდაჭერით, მომდევნო 6 წელიც ისეთივე იქნება, როგორც წინა. მეორე ვადით არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას გეგმა წარუდგინა, თუმცა აქვე დააანონსა, რომ მიდგომების შეცვლას არ აპირებს.
ამ წლების განმავლობაში თინა ბერძენიშვილი არაერთხელ ამხილეს დევნაში და პოლიტიკური მოტივებით გადაცემების დახურვაში. ბერძენიშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი უკვე ღიად პოზიციონირებაა და თუ მისი თანამშრომლები ამას მომავალშიც გააკეთებენ რეაგირება იდენტური ექნება.
ვიხილავთ თუ არა საზოგადოებრივ მაუწყებელში რეპრესიების ახალ ტალღას განსხვავებული ხედვების მქონე თანამშრომლების წინააღმდეგ?! ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბერძენიშვილმა ყველას შეუთვალა, რომ წამყვანობა ინდულგენცია არ არის, გადაცემების დახურვაში კი განსაკუთრებული არაფერია.