"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 16 პირი პატიმრობაში გაუშვა

29.07.26 21:22
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 16 პირი პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 16 პირი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში გაუშვა. 

  • ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე საბრალდებო სკამზე 14 ბრალდებული იჯდა, 2 პირი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ჩხაბერიძე, იგივე "ხონსკი" საქართველოში არ იმყოფება.  

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა მოსამართლემ არცერთი დაკავებულის შემთხვევაში შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდი" საქართველოში მის მიერ მართულ "ქურდული სამყაროს" წევრებს სთხოვდა, რომ მოეწყოთ ქურდული გარჩევები​. 

დადგინდა არაერთი მტკიცებულებით, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდი" საქართველოში მის მიერ მართულ "ქურდული სამყაროს" წევრებს სთხოვდა, რომ მოეწყოთ ქურდული გარჩევები მოქალაქეთა შორის არსებულ სხვადასხვა დავებზე. "ქურდული სამყაროს" წევრები ასრულებდნენ "კანონიერი ქურდის" დავალებას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, ეს გახლავთ სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები, ასევე ფარული აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და სწორედ მათი შინაარსის გათვალისწინებით, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, კონკრეტული პირების მიმართ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. არიან ადამიანები, რომლებიც გამოიკითხებიან გამოძიების მიმდინარეობისას, ვინაიდან მათ გამოკითხვას მანამდე შესაძლოა საფრთხე შეექმნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობებისთვის, შესაბამისად მათი გამოკითხვა მოხდება უახლოეს მომავალში," - განაცხადა ვაჟა თოდუამ. 

მამუკა ჩხაბერიძის, იგივე "ხონსკის" და სხვა დაკავებულების ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე განმარტავს, რომ საზღვარგარეთ მყოფ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს იმის შესახებაც არ აქვს ინფორმაცია, რომ მას საქართველოში ბრალდებულის სტატუსი აქვს. შესაბამისად ბრალდების მხარის აპელირება, რომ მამუკა ჩხაბერიძე მიმალვაშია "აბსოლუტურად დაუსაბუთებელია". 

ამასთან, უფლებადამცველის თქმით, საქმეში მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ კონკრეტული ხმები არის ბრალდებულების, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. 

მის პოზიციას ვერ წარმოვადგენთ იქიდან, რომ ნამდვილად რაც ოჯახის წევრებისგან გვაქვს მოწოდებული, ნამდვილად არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ახლა, თუნდაც მან ისიც არ იცის, რომ ბრალდებულის სტატუსი აქვს, არ იცის, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომა იყო ჩანიშნული, აქედან გამომდინარე ბრალდების მხარის აპელირება იმაზე, რომ იგი მიმალულია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, ვინაიდან ამ ადამიანს უბრალოდ ცოდნა არ აქვს ამ პროცედურებთან დაკავშირებით. 

არანაირი სხვა ტიპის მტკიცებულება, რაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებს, რომ კონკრეტული ხმები არის მათ შორის მამუკა ჩხაბერიძის, ან ჩემი სხვა დაცვის ქვეშ მყოფების, მაგალითად ფონოსკოპიური ექსპერტიზები და ა.შ., ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად გადაჭრით ჩვენ ვერ ვამბობთ და უცნაურია, ბრალდების მხარე რატომ, ან როგორ გვეუბნება აღნიშნულთან დაკავშირებით," - განაცხადა მარიამ ბარსონიძემ. 

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავტოავარიასთან დაკავშირებულ საუბარში მოხვდა და :ქურდულ გარჩევაში" არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. 

კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მოუვიდა ავტოავარია. აღნიშნულ ავტოავარიასთან დაკავშირებით იყო ზიანის დადგენა, თუ რა ზიანი მიადგა ავარიის შედეგად და საუბრებში სხვა პიროვნებებს უსმენდნენ და აქედან გამომდინარე ამ საუბრებში მოხვდა და წაუყენეს ბრალი "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით. არანაირი ბრალი, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც ქურდულ გარჩევაში და არც კავშირებში. სხვა კავშირები იყო, სხვებს უსმენდნენ და იმათი საუბრის გამო მოხვდა ამ სიტუაციაში," - ამბობს უფლებადამცველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითმ, 27 ადამიანი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დააკავეს, ხოლო კიდევ ექვსს ბრალდება წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

დაკავებულებს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.