"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - ვის და რატომ გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ

30.07.26 12:07
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - ვის და რატომ გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ე.წ. ქურდულ სამყაროს მხარდაჭერის, მიმართვისა და წევრობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართება, მათგან ორი სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, ისინი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ციხიდან სასამართლოში უკვე გადაიყვანეს. 

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით დაკავებული 33 პირიდან პროკურატურამ, მხოლოდ ერთ პირზე იშუამდგომლა, რათა მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებოდა. 

როგორც ირკვევა, მზია დანელიამ გამძიებასთან ითანამშრომლა და საგამოძიებო უწყება სწორედ მისი დახმარებით გავიდა "ქურდული სამყაროს" 2 წევრის კვალზე. მზია დანელია საპატიმროს 10 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. 

საქმის პროკურორის, ნუკრი ჭიტაძის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მხარეს განუსაზღვრა გონივრული დრო გამოძიების ჩასატარებლად. 

33 პირიდან ერთ-ერთ პირს, ქალბატონს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. ბრალდების მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაულში ამხილა ორი პიროვნება, ორი "ქურდული სამყაროს" წევრი. ქალბატონს ჰქონდა ფული გასესხებული სხვა პიროვნებასთან, როგორც ეს გამონაწერში იკვეთება და აღნიშნული თანხის დაბრუნების მიზნით მიმართა "ქურდული სამყაროს" 2 წევრს. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები ეფუძნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას, სასამართლომ ბრალდების მხარეს განუსაზღვრა გონივრული დრო გამოძიების ჩასატარებლად, გამოძიება გრძელდება და ჩატარდება ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება," - განაცხადა ნუკრი ჭიტაძემ. 

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, თუ ბრალდების მხარემ 7-თვიანი მუდმივი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, მაშინ გამოდის, რომ "ამ ეტაპზე არ აქვს მეტი მოსაპოვებელი მტკიცებულება". 

პროკურატურის პოზიცია იყო, რომ ერთი ბრალდებულის გარდა ყველას მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ამ ეტაპზე პატიმრობა, ერთადერთი მხოლოდ ქალბატონის მიმართ ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია პროკურატურას, მათი დასაბუთება იყო ის, რომ მიაჩნდათ ძირითადი არგუმენტაციის თანახმად, 7-თვიანი ინტენსიური გამოძიების მიუხედავად, ამ ეტაპზე სრულყოფილად არ არის მტკიცებულებები მოპოვებული და ფიქრობენ, რომ შესაძლოა მტკიცებულებების მოპოვებას საფრთხე შეუქმნას ბრალდებულების თავისუფლებაზე ყოფნამ. 7-თვიანი მუდმივი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თუ ვერ მოიპოვეს მტკიცებულებები, მაშინ გამოდის, რომ ბრალდების მხარეს ამ ეტაპზე არ აქვს მეტი მოსაპოვებელი მტკიცებულება, მაგრამ მიუხედავად ამისა სასამართლომ ჩათვალა, რომ შესაძლოა მე-8, ან მე-9 თვეს ამ საქმეზე იქნეს მტკიცებულებები მოპოვებული," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

მსგავსი სიახლეები