საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა - რამდენი დახარჯეს ვიზიტორებმა?
ტურიზმის შემოსავლები II კვარტალში 13%-ით შემცირდა - ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უახლესი მონაცემები.
საქსტატი წერს, რომ 2026 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო როგორც შემომსვლელთა რაოდენობამ, ისე ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა.
სახელმწიფო მთვლელის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.
- სტუმრების 81.5% მხოლოდ ტურისტი, 14.8% — მხოლოდ ექსკურსანტი, ხოლო 3.8% — ორივე ერთად.
II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთიდან (380 ათასი), თურქეთიდან (287 ათასი) და სომხეთიდან (199.6 ათასი). ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.48 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.3 ღამე) 3.5%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 82% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად დედაქალაქი და შავი ზღვის სანაპირო რჩება. ვიზიტების უდიდესი ნაწილი თბილისსა (36.9%) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (26.2%) დაფიქსირდა.
2026 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეული ჯამური ხარჯი 3.0 მილიარდი ლარი იყო, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.3%-ით ნაკლებია.
ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1,922.1 ლარი შეადგინა, რაც 9.2%-ით შემცირებას ნიშნავს.
რაც შეეხება ქვეყანაში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობას, ეს მაჩვენებელი 5.30-დან 5.48 ღამემდე გაიზარდა. ვიზიტების 81.8% კი განმეორებითი ხასიათისაა.