როგორ იქცა საქართველო კრიპტო სამოთხედ? - გერმანული პირველი არხის ჟურნალისტური გამოძიება
როგორ იქცა საქართველო კრიპტო სამოთხედ? - ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება გერმანულმა პირველმა არხმა ჩაატარა.
45-წუთიან ფილმში საქართველო ფიგურირებს, როგორც კრიპტო მაინინგის მნიშვნელოვანი ჰაბი და ტრანზიტული ზონა, რომელსაც რუსეთი სავარაუდოდ დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლისთვის იყენებს, ბიტკოინისა და რუსული ჩრდილოვანი კრიპტო სისტემის მასშტაბური გამოყენებით.
ჟურნალისტები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ რუსულ გაზს პუტინი ევროპაში ვეღარ ყიდის, ამიტომ მათი შეფასებით, სანქცირებული გაზით იგი აწარმოებს იაფ ელექტროენერგიას და გიგანტურ ბითკოინ ფერმებს ამუშავებს. ამ კონტექსტში ახსენებენ საქართველოსაც. საუბარია ფოთისა და რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე.
ჟურნალისტურ გამოძიებაში გამახვილებულია ყურადღება იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველო კრიპტო ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელ საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოდ, რაც მჭიდროდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რამაც საქართველო საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტო ვალუტის რუხ ზონად აქცია.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტის" დამფუძნებლის, ნინო ბაქრაძის თქმით, რუსეთი სრულად არ არის მოწყვეტილი საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს, ის უბრალოდ ანგარიშსწორებას კრიპტო ვალუტით ახორციელებს
"აი ფაქტმა" ჩაატარა გამოძიება ორმაგი დანიშნულების საქონელზე, კერძოდ იმ პროდუქციაზე, რომელსაც საქართველო რუსეთში ექსპორტირებს. ჩვენ ჩავატარეთ ფარული ექსპერიმენტი, დავუკავშირდით რუსულ სავაჭრო კომპანიას და ვკითხეთ - დაახლოებით 30 დრონი გვაქვს და გვინდა მათი რუსეთში გაგზავნა, მათ გვიპასუხეს - რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამის რუსეთში მიწოდება, ვიცით, რომ ეს რისკიანია, რადგან სანქცირებულია, თუმცა ეს ადრეც ბევრჯერ გავაკეთეთ. ჩვენ შევნიშნეთ, რომ ასეთი კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით, სწორედ კრიპტო ვალუტას იყენებენ. რუსეთი სრულად არ არის მოწყვეტილი საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს, ის უბრალოდ ანგარიშსწორებას კრიპტო ვალუტით ახორციელებს, ეს ყველაფერი კი დასავლეთისგან შეუმჩნევლად ხდება," - ამბობს ნინო ბაქრაძე.
გერმანელი ჟურნალისტი აცხადებს, საქართველოშიც ჩამოვიდა და თავად ნახა, თუ როგორ მუშაობს კრიპტო ქარხნები. მათ მოინახულეს რუსთავის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, სადაც საბჭოთა პერიოდის გიგანტური ელექტროსადგურები დგას და ირკვევა, რომ გაზი, რომელსაც რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ვეღარ ყიდის ელექტროენერგიად გარდაიქმნება და ბითკოინებს გამოიმუშავებს, რასაც საბოლოოდ პუტინის რეჟიმი იყენებს.
ადგილობრივი მაინერი, ნიკოლოზ მუსერიძე ჟურნალისტებს უყვება, რომ ბითკოინები საქართველოში იაფ ელექტროენერგიაზე მოიპოვება.
ეს ჩემი ბითკოინ ანგარიშია, საფულე, ამ ციფრულ საფულეზე შეგიძლიათ ნებისმიერი თანხა ჩატვირთოთ, დააკავშიროთ თქვენს ტელეფონს და შემდეგ გადარიცხოთ ფული ნებისმიერ ადგილას, შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, ეს არის ფული საზღვრების გარეშე, ვერავინ გაყინავს, ვერავინ შეაჩერებს, ეს არის საუკეთესო საგადასახადო ქსელი მსოფლიოში. ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 2 მეგავატს საათში, ეს გვჭირდება ჩვენი ბითკოინების მოსაპოვებლად, ეს ბიზნესი აქ მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმძლავრით ერთი ბითკოინის მოპოვებას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. ჩემ შემთხვევაში აქ, საქართველოში 30-დან 40 ათას დოლარამდე მჭირდება ერთი ბითკოინის მოსაპოვებლად," - ამბობს ნიკოლოზ მუსერიძე.
ფილმი სრულად იხილეთ მითითებულ ბმულზე: youtube.com