სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტები

30.07.26 15:33
სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტები

სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - ექსპერტების თქმით, სათამაშო ბიზნესისთვის პოლიტიკური ლოიალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ლიცენზიების მისაღებად. 

მათი თქმით, სათამაშო ბიზნესში ძირითადად ისეთი ადამიანები არიან ჩართულები, რომლებმაც "პოლიტიკური ატრაქციონი" აწარმოეს "ქართულ ოცნებასთან" - "ისინი იღებდნენ ფულს და მერე აძლევდნენ "ოცნებას". 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ბიზნესში ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი, შემდგომში დეველოპერულ საქმიანობაში ჩაერთო, სადაც ასევე სჭირდებათ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. 

მისი თქმით, ლიცენზიის და ნებართვის მიღების შემდეგ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს მომავალში უჩნდებათ ვალდებულება, რომ გაიღონ პოლიტიკური შემოწირულობა "ქართული ოცნებისთვის" - "ხელი ხელს ბანს".

პოლიტიკური ლოიალობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ მიიღოს სათამაშო ბიზნესის ნებართვა და ჩვენ ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესში ჩართული კომპანიები და მათი წარმომადგენლები არიან ლოიალურები "ქართული ოცნების" მიმართ. "ქართული ოცნება" არ უსინჯავს კბილს არანაირ პოლიტიკურ შემოწირულობას, თუნდაც ის იყოს სათამაშო ბიზნესიდან შემოსული. 

სათამაშო ბიზნესში უმთავრესად დაკავებული ადამიანები, რომლებმაც აწარმოეს ეს პოლიტიკური ატრაქციონი "ქართულ ოცნებასთან" იმიტომ, რომ ისინი იღებდნენ ფულს და მერე აძლევდნენ "ოცნებას" ძალიან ბევრი მათგანი შემდგომ სათამაშო ბიზნესიდან აღმოჩნდა დეველოპერულ ბიზნესში და ბუნებრივია იქაც მათ სჭირდებათ მხარდაჭერა "ქართული ოცნების". ხედავთ, რომ მაგალითად "ევროპაბეთის" ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელმაც პერსონალურად ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შეწირულობა გაიღო, ვსაუბრობ ლაშა კვაჭაძეზე, 240 ათასი ლარი, დღეს ის მსხვილი დეველოპერია და მონაწილეობს "ტრამპ თაუერის" პროექტშიც. 

ამ სათამაშო ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დახურული ბიზნესია, არიან ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან", რომლებიც ლოიალობას უცხადებენ "ქართულ ოცნებას", იღებენ ამ ნებართვებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ უჩნდებათ ვალდებულება, რომ გაიღონ პოლიტიკური შემოწირულობა "ქართული ოცნებისთვის", ხელი ხელს ბანს," - განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) რეგიონული კოორდინატორის, მალხაზ ჭკადუას განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შესაძლებელია ლიცენზიის გაგრძელება, ან პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება, პარტიული შემოწირულობის გვერდის ავლით. 

პარტიული მხარდაჭერის შემდეგ, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ლიცენზია გაგრძელდება და რა თქმა უნდა, თანხა, რომელსაც იღებს კაზინო, არის ძალიან დიდი მოცულობის, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ამ პარტიული შემოწირულობის გვერდის ავლით, რამდენად შესაძლებელია ლიცენზიის გაგრძელება, რამდენად შეიძლება პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმიტომ, რომ აქ პოულობ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათესავსაც, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა, თამაზ ხარაიძეა, რომელიც ერთ-ერთი მფლობელია ლიცენზიის, ჩვენ ვპოულობთ ისკო დასენის, ანუ საქართველოს პარლამენტის წევრის შვილების კომპანიას, რომელსაც ათი ლიცენზია აქვს," - ამბობს მალხაზ ჭკადუა. 

ცნობისთვის, TI-ის ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულმა 29 პირმა ჯამში 1 496 500 ლარი შესწირა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, შეწირული თანხის სანაცვლოდ სათამაშო ბიზნესი ხელისუფლებისგან ახალ ლიცენზიებს, მილიონიან ტენდერებსა და სრულ ხელშეუხებლობას იღებს. 

მსგავსი სიახლეები