საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნა

31.07.26 10:17
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნა

სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი და საბჭოთა ტერორის ქართველი მსხვერპლი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნა. წლევანდელი ღონისძიება რეპრესირებულ ექიმებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ჩეკას შენობაში დატუსაღებული, რეპრესირებული და დახვრეტილი ადამიანების ფოტოები. ისტორიკოსების შეფასებით, სტალინურ რეპრესიებს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოში კი - ათეულობით ათასი. დახვრიტეს ან გულაგის ბანაკებში გადაასახლეს ქართული საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, პოეტები, მასწავლებლები, სასულიერო პირები, ექიმები, გლეხები, მუშები და მეწარმეები.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისი SovLab-ის მიერ მრავალი წელია აღინიშნება, როგორც საბჭოთა პოლიტიკური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. სხვადასხვა წელს ღონისძიებები სხვადასხვა თემას ეძღვნება (მწერლები, ექიმები და სხვა პროფესიული ჯგუფები), თუმცა უცვლელად იმართება ყოფილი ჩეკას შენობასთან, ინგოროყვას ქუჩაზე.