რატომ არ ეძლევათ როგავასა და მაისაშვილს პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა - პროკურორის განმარტება
ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული გდდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი კვლავ პატიმრობაში რჩება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა. მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
“სამი პირის არის პასუხისგებაში მიცემული. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა ეს საკითხი, უნდა დარჩენილიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში. გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, პროცესის დასრულების შემდეგ.
ასევე, როგორც პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, დაზარალებულები დასაკითხ პირთა სიაში არიან, მათი სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ.
“კანონში წერია, რომ მოწმედ დასაკითხი პირი არ ესწრება არსებითი განხილვის სხდომას, სანამ არ მოხდება მისი დაკითხვა. სასამართლომ ჩანიშნა სხდომის თარიღი, შემდგომ სხდომაზე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა გამოკვლევას და უახლოეს პერიოდში მოხდება ორივე დაზარალებულის დაკითხვა”, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 17 სექტემბერს ჩანიშნა.