სტიქია თელავში - ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

04.08.26 16:17
სტიქია თელავში - ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

თელავში მომხდარი სტიქიის შემდეგ ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. 

სტიქიის შემდეგ გაჩნდა კითხვები, რომლებზეც პასუხის მისაღებად კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ ოფიციალური დოკუმენტები გამოითხოვა, რომელთა მიხედვითაც თელავის მერიას 2022 წლის შემდეგ არცერთი ხევის და არცერთი მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები არ ჩაუტარებია. 

ამასთან ბესიკ დონაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების მიხედვით, 2025 წელს საპროექტო სამუშაოები ჩაატარეს და თელავის მერიამ პროექტიც კი შეიმუშავა, რომ 4 ხევი გაეწმინდათ, თუმცა მოგვიანებით "თაროზე შემოდეს". 

პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ თანამდებობის პირის, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ თელავის მერიას. წარმოიდგინეთ, რომ ხალხმა იცის თელავის პრობლემის შესახებ, ხალხმა იცის ამ პრობლემას რა შეიძლება მოჰყვეს და არაფერს არ აკეთებს, ანუ შეგნებულად გაწირეს ქალაქის მაცხოვრებლები და ქალაქი იმისთვის, რომ მომხდარიყო სტიქია. უხვი ნალექის შემთხვევაში გაწმენდილი რომ ყოფილიყო ხევები და მდინარის კალაპოტები, ეს სტიქია არ მოხდებოდა. ამას თვითონ ამტკიცებს ფაქტობრივად ის დოკუმენტი, რომელიც თვითონ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გასცა, რომ გაწმინდეს 2022 წელს და ისიც გაწმინდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია, 4 წლის განმავლობაში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა, მხოლოდ და მხოლოდ საპროექტო სამუშაოები ჩაატარეს ისიც 2025 წელს და საჭიროება გამოკვეთეს, პროექტი გააკეთეს და ეს პროექტი დადეს თაროზე. აი ყოველივე ამის შემდეგ ნამდვილად, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს ყველა იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც ევალებოდა ამ საქმის გაკეთება და არ გააკეთა," - განაცხადა ბესიკ დონაძემ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, ოთო ფარულავას თქმით, ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნია "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის მიმართ.

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება გააჩნია "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხის მიმართ, გულგრილობა, ეს იკვეთება ყველა დონეზე, თელავის მაგალითიც ამის მაგალითია. როგორც იცით, ჩვენი წარმომადგენელიც ამაზე საუბრობდა საკრებულოში, ლევან ბერძენიშვილი, რომ ესაჭიროებოდა ამ არხს გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ მაშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მას უპასუხეს, რომ იმდენად კარგად გაიწმინდა 2017 წელს ეს არხი, რომ აღარ საჭიროებდა გაწმენდას, მაგრამ სწორედ ესე ფურცლებზე რჩება ეს საქმე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს," - ამბობს ოთო ფარულავა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი აღნიშნავს, რომ უნდა გამოიკვეთოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც დაემართა თელავს.

დადასტურებულია უკვე ოფიციალურად ქართველი ხალხის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ გაუკეთებიათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის, რომ ახლა იწმინდება და ახლა გაგიჟებულები წმენდენ, ეს უნდა გაეკეთებინათ წლების წინ, ამას სჭირდება მუდმივი ყურადღება, რომელსაც არ იჩენდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე ცენტრალური. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს ყველა ის პასუხისმგებელი პირი, ვინც პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც დაემართა თელავს," - თქვა გიორგი ბოტკოველმა.