რატომ ჩაბნელდა საქართველო? - დეტალები ხმაურიანი სხდომა სემეკში
უუნარო სისტემა - ეს შეფასება ელექტრო სისტემისთვის კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი, სემეკის შუალედური ანგარიშით უკმაყოფილოა. სემეკი ამბობს, რომ სისტემა უუნარო აღმოჩნდა, ინფრასტრუქტურა გაუმართავი იყო და შედეგად, ქვეყანა ჩაბნელდა.
რა მოხდა 25 ივლისს დილით, როდესაც საქართველო სრულად ჩაბნელდა? - ირკვევა, რომ სასისტემო ავარია ელექტროგადამცემი ხაზის იმერეთის გათიშვით დაიწყო, საქართველოს ელექტროსისტემა აზერბაიჯანს ჩაეხსნა და იზოლირებულ რეჟიმში აღმოჩნდა.
ელექტროხაზი იმერეთი საქრუსენერგოს საკუთრებაშია, რომელიც ელექტროსისტემის შემადგენელი ნაწილია. რა იყო ავარიის გამომწვევი მიზეზი, ამის შესწავლა გრძელდება.
იმერეთის ხაზზე დაცვის სისტემამ ვერ იმუშავა, გათიშვის შემდეგ ხარვეზები დაფიქსირდა ენგურჰესზეც. სიხშირისა და ძაბვის არასწორ რეგულირებას უკვე საერთო გათიშვა მოჰყვა.
რას მოჰყვა საყოველთაო ჩაბნელება? - ამას სწავლობს სემეკიც და სუსიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სემეკიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა, თუმცა, დაკითხვაზე ჯერ ნარმანიას უწყებიდან არავინ დაუბარებიათ, განსხვავებით სახელმწიფო ელექტრო სისტემისგან. სემეკს პასუხისმგებლობის ისრები ზარდიაშვილის უწყებისკენ გადააქვს.
სად წავიდა ვანო ზარდიაშვილი? ამაზე პასუხი თანამშრომლებს ისევ არ აქვთ, არ უნახავთ არც ახალი ხელმძღვანელი, ვინც დირექტორის მოვალეობას ასრულებს - დავით ვარდიაშვილი დღევანდელ სემეკის სხდომაზეც არ გამოჩენილა.