ავალიანის საქმე - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას გიორგი მალანიას წინააღმდეგ და რას ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მერაბ მალანია აცხადებს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მისი არასრულწლოვანი შვილი დააკავეს, საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისი რეზონანსულობაა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრი ასევე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებს, რა კავშირი აქვს მის შვილს, გიგი მალანიას, გიგია ავალიანის გარდაცვალებასთან.
ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ გამოძიებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მისი შვილის დანაშაულებრივ მონაწილეობას დაადასტურებდა და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის უკვე დიდი ხანია სახელმწიფო სტრუქტურებში აღარ მუშაობს, შესაბამისად, გამორიცხავს ვარაუდს, რომ მისი გავლენების გამო სამართალდამცავები მის შვილს თვეების განმვალობაში არ აკავებდნენ.
ყოფილი მაღალჩინოსნის არასრულწლოვან შვილს სახელმწიფო ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. თუმცა, თავდაპირველად არასრულწლოვანი პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი, გამოძიების მიმდინარეობისას, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. გიორგი მალანია გამოძიებასთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სატელეფონო ზარია, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, მასთან უკვე მსჯავრდებულმა პირმა განახორციელა.