გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის - გიგა ავალიანის მკვლელებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი პირის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის დაკავებას.
ეკა კუპატაძე მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
“საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!
თეთრად გავათენე, “ფეისბუქში” ვერ შევედი, თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია.
ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ.ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ:სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“, ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის.
ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია.
დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები.
იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები.სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.
რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.
სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ. ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.
ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო: „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“. ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.
გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!ვფიცავ გიგა ავალიანის სიცოცხლეს!”, - წერს ეკა კუპატაძე.
ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი?
დემეტრე ჩიქოვანი - სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი - დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მას 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩიქოვანთან ერთად ამ სამეზე მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, ორივე მათგანს 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ბრალდება ამტკიცებს, რონ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების შესახებ, თუმცა მან პოლიციას ფაქტის შესახებ არაფერი შეატყობინა.