ვესაუბრე ვიდეოს ავტორს და ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს - გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის ადვოკატი
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე - ადვოკატი ამბობს, რომ ის უკვე ესაუბრა ვიდეოს ავტორს, რომელშიც სავარაუდოდ 17 წლის მოზარდის ხმა ისმის და მიიღო პირობა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ფოტოს თუ ვიდეო მასალას აუცილებლად მიაწვდის.
ტარიელ კაკაბაძის თქმით, ეს ადამიანი დადიანიძეს საერთოდ არ იცნობდა და არც მასთან ერთად იყო წასული მლეთაში და ისიც, რომ ამდენი ხანია გაუჩინარებულია და ეძებენ, თავად კაკბაძისგან შეიტყო.
მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მქონდა მასთან კომუნიკაცია, ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს, წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი იქნება,ისე რომ, გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.
ვიდეოს ავტორი, მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს და თავადვე დადო YOU TUBE არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა, ვერ იხსენებს, ბევრ დეტალს. ის მე დამპირდა, რომ თუ რაიმე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის და კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველას დღესვე მომაწვდის. მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, ამის შესახებ საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებ. ეს ადამიანი ამბობს, რომ გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის საერთოდ არ იცნობს მას. როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ჩართული ვარ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ მისთვის ცნობილი არაფერი არ არის და პირველად ჩემგან გაიგო, - ამბობს ადვოკატი.
უფლებდამცველის თქმით, ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დასანიშნია ექსპერტიზა, ხმასთან დაკავშირებით.
ჩასატარებელია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დასანიშნია ექსპერტიზა, აღნიშნულ ხმასთან დაკავშირებით. ამ ვიდეოში მხოლოდ სიტყვები არ არის ყურადსაღები, საყურადღებოა ასევე ის ტონი, რითაც ის სხვა პირს დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს არის განწირული ხმა ადამიანისა, რომელიც გასაჭირშია, - ამბობს კაკაბაძე.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.